საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები მთავრობას სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვენ, რომელიც საქმის გამოძიებას დააკვირდება. დაზარალებულები ამბობენ, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, თუმცა აღნიშნულ უწყებას ქმედითი ნაბიჯების ამ დრომდე არ გადაუდგავს.
ამასთან დაზარალებულებმა დასახმარებლად ამერიკის საელჩოს საქართველოში და ევროკავშირის დელეგაციას მიმართეს.
„ევროკავშირი გააგრძელებს მოვლენათა განვითარების მონიტორინგს. ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ჩართული არიან პოლიტიკურ დიალოგში და თანამშრომლობაში, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ფინანსური მომსახურების ზედამხედველობა და ამაღლდეს მეანაბრეთა უფლებები“, - ვკითხულობთ ევროკავშირის დელეგაციის წერილში.
ამ ეტაპზე სასამართლოში საფინანსო კომპანია საქართველოს საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ჯამში დაზარალებულად კი 2350 პირი ითვლება.
„სახელმწიფო ცალსახად საქმეში ვერ ჩაერევა, მაგრამ სახელმწიფოს უამრავი ვალდებულება აქვს. პირველი წერილი ეროვნული ბანკისგან საგამოძიებო სტრუქტურაში 2012 წელს შევიდა, მაშინ რომ რეაგირება მოჰყოლოდა საკითხს და გამოძიება ჩატარებულიყო, დღეს ეს პირდაპირ აისახებოდა დაზარალებულთა რაოდენობაზეც და არსებულ სიტუაციაზეც“, - ამბობს საფინანსო კომპანია საქართველოს ერთ-ერთი დაზარალებული ვახტანგ კვიჟინაძე.