საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მიღება და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო ხდება. ამასთანავე, ვაჭრობის ორგანიზატორი ვალდებული ხდება 2020 წლამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს არასტაციონალური სავაჭრო ობიექტების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვა. სალარო აპარატის არქონისთვის კი მოვაჭრის ნაცვლად ბაზრობის ორგანიზატორის დაჯარიმდება.
მთავარი პრობლემა, რასაც ცვლილებების პროექტში სავაჭრო ორგანიზატორების ნაწილი ხედავს, არის ის, რომ ადმინისტრაცია საგადასახადო აგენტად გვევლინება.
"ფაქტობრივად უნდა გარდავიქმნათ საგადასახადო აგენტებად. გამოდის, რომ მე თუ პასუხს მაგებინებ ცალკე დამოუკიდებელი მესამე პირის საქმიანობაზე, ნიშნავს, რომ მაშინ მე რაღაცა ბერკეტები უნდა მომცეს რომ ამ მესამე პირზე მოქმედება მოვახდინო. ხომ შეიძლება დაჯგუფდეს 30-40 მეწარმე და შეგნებულად დაარღვიოს და დააზარალოს ვაჭრობის ორგანიზატორი. არცერთი ბერკეტი არ არის კანონში იმისა, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ასეთი ქმედება. ძალიან აბსურდული და გაუგებარი კანონია, რომელიც წინა მთავრობის დროს დაიწყო. ეს ემთხვეოდა ჩინურ ინვესტიციას თბილისის ზღვაზე რომ შენდება და ვერ გავიგეთ რაში მდგომარეობს ამ კანონის მისია", - აცხადებს "საქმის კურსთან" "ლილო მოლის" მმართველი მენეჯერი, ლევან გაგუა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ როცა ვაჭრობის ორგანიზატორები გააფორმებენ ხელშეკრულებას პირთან, რომელსაც მიაქირავებნენ ფართს, ის პირი უნდა იყოს რეგისტრორებული გადასახადის გადამხდელად და მის სახელზე უნდა იყოს საკონტროლო სალარო აპარატი რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი მოვაჭრის მიერ, პასუხისმგებლობა ორგანიზატოირებს არ დაეკისრებათ.
რაც შეეხება ვაჭრობის ორგანიზატორების მიერ არასტაციონალური სავაჭრო ადგილების სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულებას, სავაჭრო ცენტრ "პასაჟის’’ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრების ნაწილისთვის ამ ვალდებულების შესრულება რთული იქნება.
" ეს გარკვეულწილად სერიოზულ ფინანსებს მოიცავს, რადგან სალარო აპარატი 300 -დან 450 ლარამდე ღირს. ძალიან დიდ და მსხვილ სავაჭრო ცენტრებს შეიძლება არ გაუჭირდეთ, მაგრამ არის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მარტო არასტაციონალურზე მუშაობენ და არც თუ დიდი შემოსავლები აქვთ. მათთვის ინვესტიციის გაწევა ძალიან ძნელი იქნება", - აცხადებს ნიკოლოზ საღარაძე.