9 მაისს პანამის დოკუმენტის ახალი მასალები გასაჯაროვდა, რომელშიც 82 ქართველის სახელი ფიგურირებს. ამჯერად სიაში ყოფილ საჯარო მოხელეებთან ერთად ბიზნესმენებიც არიან მოხსენიებული. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" EY-ს წარმომადგენელი ელისაბედ ჭუმბურიძე საუბრობს.
- ქალბატონო ელისაბედ, ზოგადად რა არის ოფშორი და ოფშორული კომპანიები?
- აქ ორი ძირითადი საკითხი უნდა განვასხვავოთ. პირველი ეს არის ზღვარი სად გადის ოფშორული კომპანიების მეშვეობით საგადასახადო სტრუქტურების მართლზომიერებასა და არამართლზომიერების გამოყენებას შორის. ზოგადად ოფშორული კომპანიები ისტორიულად ისეთ ქვეყნებში დაარსდნენ, რომლებიც თავის ქვეყანაში დამატებით ინვესტიციის მოძიებას ისახავდნენ მიზნად. ამ მიზნით, ისინი აწესებდნენ გარკვეულ საგადასახადო თუ სხვა შეღავათებს უცხოური ქვეყნების რეზიდენტებისთვის, რომლებიც დააარსებდნენ თავიანთ კომპანიებს. ეს შეიძლება ყოფილიყო, როგოც საგადასახადო შეღავათი, ასევე სხვა მოქნილი სამართლებრივი თუ იურიდული საკანონმდებლო ბაზა, ასევე მათი მონაცემების დაცვა, რაც თავისთავად უკანონო არ არის.
- სად გადის მართლზომიერების ზღვარი?
- ზღვარი სწორედ გადის იქ თუ რამდენად ისახავს ეს მიზნად გადასახადების გადაქაჩვას სხვა იურისპუდენციაში, ანუ იმ გადასახადის, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ამა თუ იმ პირმა საქართველოში უნდა გადაიხადოს. აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმი.
- დეკლარაციებზე მინდა გკითხოთ, იგივე ბიძინა ივანიშვილის, არჩილ კბილაშვილის დეკლარაციებში არ არის მითითებული მათ კავშირებზე ოფშორულ კომპანიებთან. აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ დეკლარაციებს?
- თუ მათ კანონმდებლობით ევალებათ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა ამჟღავნებდნენ, თუ არა, მათ შეუძლიათ, რომ ეს ინფორმაცია დაფარული ჰქონდეთ. ანუ ასეთ შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალური შეფასება უნდა მივცეთ და უპირველესად, კანონის დარღვევა არ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ეს ჩემი მსჯელობის საგანი არ არის.
- ბოლო პერიოდში ბევრი ქვეყანა საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს ოფშორში საქმიანობა. ეს გაუმჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ნაწილი ხომ არ არის კერძო სექტორისთვის?
- გაუმჭვირვალობის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო ასპარეზზე გაჩნდა არა მარტო ოფშორულ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. საგადასახადო შეღავათს კომპანიამ შეიძლება მიაღწიოს, როგორც ოფშორულ ქვეყანაში, ასევე სხვა იურისდიქციაში თუნდაც შუაგულ ევროპაში. ამიტომ თითოეული ქვეყნის ინტერესია თავისი დასაბეგრი ბაზა დაიცვას და ამისთვის მაგალითად მოვიყვან, რომ რამდენიმე წლის წინ გაერთიანდნენ ოცეულის ქვეყნები, შეიმუშავეს სამუშაო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის დასაბეგრი ბაზის სწორედ არამართლზომიერ გადაქაჩვას და არამართლზომიერ გადანაწილებას.
- რა შეიძლება ოფშორების დემონიზებამ მსოფლიო ეკონომიკას მოუტანოს?
- ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რისკენაც მიდის დღეს თანამედროვე მსოფლიო. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ოფშორული ზონები გაუქმდეს. იმიტომ, რომ ისტორიულად მათ შექმნასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ეს იყო ინვესტიციების წახალისება.
- თქვენ თვლით, რომ ის დღესაც საჭიროა?
- თუ ეს კანონმდებლობას არ არღვევს და თუ რომელიმე ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე არ ხდება ვთვლი, რომ ამაში მიუღებელი არაფერია.