საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროს სასამართლოში სარჩელს მომავალ კვირაში შეიტანს. როგორც"ბიზნესკონტრაქტს" საია-ს იურისტმა სულხან სალაძემ განუცხადა, სამინისტრომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვია.
"სამინისტროს ჩვენს მიერ წარდგენილი განცხადება, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში უნდა გადაეგზავნა, თუმცა დღემდე არ გვინახავს წერილობითი შეტყობინება, რომ ეს წერილი გადაგზავნილია გაზის ტრნსპორტირების კომპანიაში. ამიტომ, მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ იმ დოკუმენტის ბათილად ცნობას, რომლითაც ჩვენ ენერგეტიკის სამინისტრომ გვითხრა, რომ ეს დოკუმენტი არ ინახება სამინისტროში", - განაცხადა სალაძემ და დასძინა, რომ ინფორმაციის გაცემაზე ამ ფორმით უარის თქმა არ შეიძლება, რადგან არის დადგენილი წესი, რომელიც ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეასულოს.
იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო დავის სპეციფიკის გათვალისწინებით პროცესები შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს, საია „გაზპრომ-ექსპორტსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლისა და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მისაღებად, სავარაუდოდ ორ თებერვალს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართავს.
როგორც საია-ს განცხადების საპასუხად, 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ორგანიზაციას წერილობით უპასუხა, "მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში".