იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლიდან დაიწყებს. სისტემის სრულად დანერგვის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ტრანზაქციები და საჯარო რეესტრის ამონაწერი ბლოქჩეინ სისტემაში შეინახოს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, პროექტი საპილოტეა და ამ ეტაპზე უწყება Bitfuty ჯგუფთან საბოლოო დეტალებს ათანხმებს.
"პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება იქნება ელექტორნული წესით დაცული და რამდნეიმე ადგილას დაცული. ესაა პროექტი რომლის საჯარო და კერძო სექტორში დანერგვასაც თითქმის ყველა განვითარებული სახელმწიფო ცდილობს. ამ ეტაპზე სისტემის დანერგვა შვედეთის საჯარო რეესტრში მიმდინარეობს.
მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინ სისტემაში გავატაროთ", - ამბობს უგრეხელიძე. მისივე განცხადებით, ბლოკჩეინ სისტემის დანერგვა სამეწარმეო რეესტრშიც იგეგმება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სისტემის დანერგვით მომხმარებელი გამჭვირვალე ტრანზაქციებს და დაცულ საკუთრების უფლებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მაისში გაფორმდა. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა