Home
Category
TV Live Menu

საკაბელო ოპერატორების კავშირის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა გადაიდო

59f023cd9e1b6
დავით ჯალაღონია
25.10.17 10:30
879
პარლამენტში საკაბელო ოპერატორების კავშირის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა გადაიდო. ისინი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითხოვენ, რათა ტელევიზიების კონტენტი უფასოდ გაავრცელონ და მაუწყებლებმა ამისთვის თანხა აღარ მოსთხოვონ.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს, ამიტომ მუშაობა უახლოეს დღეებში განახლდება.

საკაბელო ოპერატორების პრობლემის განხილვას კომიტეტის სხდომაზე ყველა მხარე ესწრებოდა. თავდაპირველად მოხსენება კავშირის თავმჯდომარემ გააკეთა.
“ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებების შემოტანას, რაც გულისხმობს იმას, რომ მედია ბაზარზე იქნება თანაბარი და კონკურენტუნარიანი გარემო. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც მაუწყებელს ექნება უფლება დაავალდებულს ოპერატორი, ჩართოს მის საკაბელო ქსელში კონკრეტული ტელეარხი, ისე ოპერატორსაც ექნება უფლებამოსილება, რომ შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე ჩართოს ეს ტელეკომპანია მის საკაბელო ქსელში“, - განაცხადა საკაბელო ოპერატორების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა.

თავად ტელეკომპანიებს, რომელთა ინტერესებს „მედია რაითს ჯორჯია“ წარმოადგენს, საკაბელო ოპერატორების თითოეული აბონენტის მომსახურებისთვის 1.5 ლარის მიღება სურთ, რადგან მათი განმარტებით, კონტენტის შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„ეს მოთხოვნა არის ყოვლად უკანონო და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ Must carry-ს გაუქმება, მაგრამ არ აქვთ უფლება მოგვთხოვონ ტელევიზიებს, მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ყველაფერი განხილვადია, უბრალოდ არის კომერციული მიზანშეწონილობა და კომერციული მიზანშეუწონილობა. ამ წინადადების განხილვას ჩვენ ამ სახით არ ვაპირებთ“, - განაცხადა „მედია რაითს ჯორჯიას“ დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა.

ამ საკითხის განხილვას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დღეს სატელევიზიო ბაზარზე „მედია რაითს ჯორჯია“ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ცდილობს, როცა ტელევიზიები საკაბელო ოპერატორებისგან სააბონენტო გადასახადის მიღებას ითხოვენ.

„მაუწყებელი ქმნის ტელეპროდუქციას, რაშიც დიდ ხარჯს სწევს და როდესაც ეს პროდუქტი დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კანონმდებლობით და ამაში მაუწყებელი ხარჯს სწევს, როგორ ხედავთ ამაში დისკრიმინაციას და არათანაბარ პირობებს, როდესაც თავად შემდეგ შემოსავალს ღებულობთ პრაქტიკულად მაუწყებლის საქმიანობის ხარჯზე და მომხმარებელს ამას უფასოდ ხომ არ აძლევთ? ამაში შემოსავალს ღებულობთ“, - განაცხადა ეკა ჭახრაკიამ.

ჩაერევა თუ არა პარლამენტი ამ საკითხის დარეგულირებაში, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა, როცა სამუშაო ფორმატში მხარეები შეხვედრებს გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ექვსი ქართული ტელეარხის („რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, GDS, “მარაო“, „კომედი არხი“) მაუწყებლობის საკაბელო ოპერატორებისთვის მიწოდების ექსკლუზიური უფლება „მედია რაითს ჯორჯიას“ აქვს, რომელიც ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხებისთვის ოპერატორებს ბოლო ვადას პირველ დეკემბრამდე აძლევს.

Subscribe to our news

Get the main news of the day