საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მდივნის ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში უცხოელებზე მიწის გასხვისების შესახებ შეზღუდვები გათვალისწინებულია. როგორც "საქმის კურსს" ნაცვლიშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე მის პოზიციას საკონსტიტუციო კომისიის წევრების უმრავლესობა ითვალისწინებს.
"მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისის სახით, როდესაც სარგებელი გასხვისების შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მასზე უარის თქმა არაგონივრული იქნება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია, რადგან ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი მიწის პოტენციალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბევრი გვაქვს ჩვენთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გასაკეთებელი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო პროექტის ბოლო ვერსიას არ იცნობს, თუმცა მიწების უცხოელების გასხვისების საკითხზე ჩანაწერის პათოსი იცის.
"მე როგორც ინფორმირებული ვარ, ჩანაწერი დაახლოებით იმ სახის არის, რომ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს გასხვისება, მაგრამ ეს გამონაკლისიც ძალიან შეზღუდული იქნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მესამე რაუნდით გათვალისწინებული შეხვედრები მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. ამ პერიოდში კომისია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს წარმოადგენს.