"საქართველოს მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე, როგორც გვითხრეს არიან ერთად, გადაყვანილები არიან შიდა ზონაში და ყველა არის ჯანმრთელად“, - აღნიშნულის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა ირაკლი ასაშვილმა "მოამბის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მგზავრს ევაკუაციის დროს პასპორტი დაეკარგა და საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, თუმცა ასაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს საკონსულო აეროპორტში შესვლისთანავე მოაგვარებს.
"ტრანზიტულ მგზავრებს არანაირი პრობლემა არ აქვთ და ამ მოვლენებთან ახლოს არ არიან. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს სამწუხაროდ“ , - განაცხადა ასაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
უწყების ინფორმაციით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.