Home
Category
TV Live Menu

"სამაუწყებლო ბაზარზე სიტუაცია ქაოსისკენ მიდის"

59fdc2aa1c5ac
BM.GE
04.11.17 18:00
859
"მაგთიმ" ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა. 6 ქართული ტელეარხის: ‘’რუსთავი 2’’, ’’კომედი არხი”, ’’მარაო”, ’’იმედი”, ‘’მაესტრო” და ‘’ჯიდიესის” ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ტარიფის ცვლილება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება, - აღნიშნული თემით ’’საქმის კურსთან“ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი საუბრობს.

-ქალბატონო თეონა, ’’მაგთის“ აღნიშნული გადაწყვეტილება არის თუ არა ერთი კომპანიის გადაწყვეტილება, თუ მას სხვა საკაბელო ოპერატორებიც უერთდებიან?

-ეს მხოლოდ ერთი კომპანიის გადაწყვეტილებაა და რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ამაზე ალბათ თავად კომპანიამ უნდა ისაუბროს. რაც შეეხება ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტის წევრები, კონკრეტულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლაა საჭირო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავთ, რომ დარგი დარეგულირდება, პირიქით, ქაოსისკენ უფრო მიდის სიტუაცია.

-ქაოსში რას გულისხმობთ, 1 დეკემბრიდან ’’მაგთის“ ცვლილებები რომ ამოქმედდება საკანონმდებლო ცვლილება დაგვიანებული ხომ არ იქნება?

-დაგვიანებული ვერ იქნება. მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ის, რაც მიიღო. მე ყველა სხვა დანარჩენი კომპანიის მოსაზრება ვიცი, რომ მაუწყებლის მოთხოვნებს არ დაეთანხმებიან და არ დაეთანხმებიან სწორედ იმ არგუმენტების გამო, რაზეც ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ის, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ფასი გაზარდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეალურად ქართული არხები აქამდე საკაბელო ოპერატორებისთვისაც უფასო იყო. შესაბამისად, ფასიანი გახდა და სწორედ ამის ფონზე გააძვირა ამ ოპერატორმა მომსახურება.

-ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ კონტენტი, რომელიც არხების მიერ იქმნება საკმაოდ ძვირი ჯდება და რატომაც არ უნდა მიიღოს არხმა შემოსავალი ასე...

-უპირველესად, როდესაც ტელევიზია ქმნის კონტენტს, იგი კონტენტს არა საკაბელო ოპერატორისთვის ქმნის, არამედ მოსახლეობისთვის, მისი მაყურებლისთვის. მაყურებლის ოდენობა მათ რეიტინგს განსაზღრავს და სწორედ ამ რეიტინგებიდან აქვთ მათ კონკრეტულად დაკვეთა რეკლამაზე, რაც მათი უშუალო შემოსავალია. რომ წარმოიდგინოთ, რომ მოსახლეობის ნახევარი მათ კონტენტს სწორედ საკაბელო ტელევიზიების მეშვეობით იღებს, შესაბამისად მათ უშუალო რეკლამას ოპერატორები ავრცელებენ. რაც შეეხება იმას, რომ დიდი თანხა უჯდებათ, რა თქმა უნდა, ტელევიზია იმისთვის იქმნება, რომ კონტენტის შესაქმნელად თანხა დახარჯოს და შემდეგ რეკლამიდან მიიღებს შემოსავალს.

-საკაბელო ტელევიზიებს რა შემოსავალი აქვთ?

-საკაბელო ოპერატორის შემოსავალი მხოლოდ სააბონენტო გადასახადია და ისე არ გამოვიდეს, რომ თითქოს დანახარჯი მხოლოდ ტელევიზიებს აქვთ და საკაბელო ოპერატორები მხოლოდ მოგებაზე მუშაობენ. რეალურად ასე არ არის. ქსელის მოწყობა, სათაო სადგურის არსებობა, მისი შენახვა, აბონენტის ტექნიკური მომსახურება, სიგნალის მიღება, მისი ხარისხიანად მიწოდება, - ეს ყველაფერი ხომ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისე არ არის, რომ მხოლოდ სატელევიზიო არხების ხარჯები ქონდეთ და მათთვის გადასახდელ თანხებზე მუშაობდნენ. რეალურად ტექნიკურ აღჭურვილობასაც ძალიან დიდი დანახარჯი სჭირდება. ქართული არხები ფასიანი არასდროს ყოფილა და შესაბამისად ის ტარიფები, რაც ბაზარზეა დადგენილი ქართული არხებისთვის გადასახადს არ ითვალისწინებს, არ არის გათვალისწინებული მის თვითღირებულებაში. ოპერატორები, როგორც უფასოდ იღებენ, ასე უფასოდ აწვდიან მომხმარებელს. ეს ფასიანი იქნება თუ უფასო მომხმარებელს ეხება, ანუ მომხმარებლისთვის ხდება ფასიანი და თუ უფასოა ესეც მომხმარებლისათის არის. ეს ოპერატორს არ ეხება. ოპერატორს ისედაც ბევრი ხარჯი აქვს. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან ბევრი საკაბელო ოპერატორი დაიხურა, ან გაიყიდა სწორედ იმიტომ, რომ ბაზარი ისედაც დიდი კონკურენციის პირობებშია და ბევრმა ოპერატორმა ამას ვერ გაუძლო. შესაბამისად ხელოვნურად კიდევ იმ სიტუაციის შექმნა, რომ მცირე და საშუალო ოპერატორებმა ამას ვერ გაუძლონ, ძალიან ცუდია. მე აქ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშნებსაც ვხედავ, რაც გარკვეული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან მოდის, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაშია, იგივე ლარის გაუფასურება, თქვენ წარმოიდგინეთ 500 ათას აბონენტს ერთდროულად უნდა გაეზარდოს დამატებით რაღაც გადასახადი. გადასახადების გაზრდა კი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ აქ გარკვეული ინტერესები იყოს, რომ დაიძაბოს და ცუდი პოლიტიკური ვითარება შეიქმნას.

-რა არჩევანის წინაშე დგანან საკაბელო ოპერატორები?

-ჩემი აზრით, ’’მაგთის“ მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დათანხმება ცოტა ნაადრევი იყო, რადგან როდესაც სიმართლე ჩვენ მხარეს არის და სამართლებრივი ბრძოლის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, ასე მარტივად არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ეს ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. სწორედ იმიტომ იბრძვიან დანარჩენი ოპერატორები, რომ მათ თავიანთი მომხმარებლის აზრი იციან. ორი ლარით გაძვირებაზე ბევრი იტყვის რა მოხდა, ეს ისეთი თანხა არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ორი ლარი გაისად ოთხი ლარი გახდება და იმის მერე კიდევ ექვსი ლარი. ასე მარტივად გადასაწყვეტი ეს საკითხი არ შეიძლება, რომ იყოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day