„სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება“,- ამის შესახებ პრემიერმა რეგიონში ყოფნისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებულ შესყიდვას მიმართონ, რათა მოსახლეობას გზა მალე აღუდგეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა, დაანგრია ხიდები, ჩარეცხა გზები, დატბორა სავარგულები და დახოცა მსხვილფეხა პირუტყვი.
"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.