"საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების თანახმად, 2016 წელს რიგ სამინისტროებში პრემიისა და დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობითა და ზღვრულ რაოდენობაზე მეტი სიხშირით გაცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოცემულ კონკრეტულ სამინისტროებს შორისაა ფინანსთა სამინისტრო, რომლის ცენტრალურ აპარატში 2016 წლის განმავლობაში 40 თანამშრომელზე გაცემულია პრემიები ზღვრული ოდენობის ზევით (გამონაკლისის სახით, მინისტრის თანხმობით), თუმცა არ არის მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად პრემიის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ზევით. აღნიშნულ მომუშავეებზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების რაოდენობა 8-დან 17-მდე მერყეობს. გარდა ამისა, 107 შემთხვევაში ერთჯერადად გაცემული პრემიის მოცულობამ თანამდებობრივი სარგოს 100%-ს გადააჭარბა.
გარდა ამისა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში", 2016 წლის განმავლობაში უქმე დღეებთან დაკავშირებით პრემია გაცემულია ზღვრულ ოდენობაზე გადაჭარბებით და თან წელიწადში 4-ჯერ, მაშინ როდესაც მთავრობის N449 დადგენილების მიხედვით უქმე დღეებთან დაკავშირებით პრემიის გაცემა შესაძლებელია არაუმეტეს წელიწადში 3-ჯერ.
მსგავსი გარემოებები გამოვლინდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც, სადაც "პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავების, მართვისა და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფაგლებში ადგილი ჰქონდა 3 შემთხვევაში დანამატის თანამდებობრივი სარგოზე 2.6-ჯერ, 2 შემთხვევაში 2.5-ჯერ, ხოლო 21 შემთხვევაში 2.3-ჯერ მეტი ოდენობით გაცემის ფაქტებს.