საქართველოს პარლამენტი დაახლოებით ორ კვირაში "სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" საკომიტეტო განხილვას გეგმავს. როგორც დეპუტატმა და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტი საჯარო განხილვის საგანი გახდება.
კოდექსი სექტორისთვის ახალი სტანდარტებისა და წესების შემოღებას ითვალისწინებს, მათ შორის სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
ილია წულაიას განმარტებით, გაერთიანდება ყველა სამშენებლო ნორმა და განსაკუთრებული ყურადღება ხარისხზე გამახვილება, რომელსაც ახალი ისნტიტუტი შეამოწმებს.
"ზედამხედველობის გასაწევად კერძო სტრუქტურა იქმნება და დეველოპერს შესაძლებლობა ექნება, კერძო ორგანიზაცია დაიქირავოს, რომელიც მას მისცემს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხარისხიანად და სწორად მოახდინა არმატურის ჩალაგება მშენებლობაში, რამდენად ხარისხიანი ბეტონი ჩაასხა, რამდენად შეესაბამება ბეტონის და არმატურის კლასი იმას, რაც განსაზღვრულია პროექტით და ამაზე დასკვნა დაიდება. სამწუხაროდ, აქამდე ეს არ ხდებოდა და ყველაფერი მშენებლის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული", - განაცხადა წულაიამ.
მისივე განმარტებით, ამ ზედამხედველი კერძო კომპანიებისთვისაც იქნება ლიცენზიები, რომელსაც სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. კითხვაზე, კერძო სექტორის მიერ კერძო სექტორის შემოწმება კორუფციის რისკებს ქმნის თუ არა, დეპუტატმა პასუხად აღნიშნა, რომ ეს რისკები იქნება.
"კორუფციის რისკები ყველგან არის, მაგრამ აქ საუბარია პასუხისმგებლობაზე. ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება. არა მგონია, ვიღაცამ შეღავათი დაუშვას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის ხარისხზე ისეთი დასკვნა დაწეროს, რომელიც ხვალ და ზეგ შესაძლოა, ათეულობით და ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს შეეხოს. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება კრიმინალთან, რასაც პროკურატურა მიხედავს", - აღნიშნა ილია წულაიამ.
რაც შეეხება იმას, რამდენად გაართულებს ბიუროკრატიულ პროცედურებს მსგავსი სიახლეები სამშენებლო სექტორში, დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონტროლის მექანიზმების დამატებისა და გამკაცრების მიუხედავად, სექტორის ბიზნესაქტივობა არ შეფერხდება.
"რა თქმა უნდა, როდესაც შემოდის ინსტიტუტი, რომელიც აკონტრლებს მშენებლობის ხარისხს, ეს გარკვეულწილად ბიუროკრატიას ზრდის, მაგრამ ეს აუცილებელია მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანია ამას მიესალმება", - განაცხადა დეპუტატმა.
კოდექსის მიხედვით, აკრედიტებული ისნპექტირების ორგანოსთვის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართვის საკითხი თავად მშენებლების დისკრეციაა. "თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ირჩევს აკრედიტებულ ორგანოს, მაშინ მის მიმართ ხდება საჯარო ზედამხედველობის დერეგულირება. საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება ამ შემთხვევაში, ძირითადად კერძო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით შემოიფარგლება", - წერია კოდექსში.
ილია წულაია იმედოვნებს, რომ „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსს“ პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.