Home
Category
TV Live Menu

"სამშენებლო კომპანიებთან, მოსახლეობა გაუთვითცნობიერებელ არჩევანს ვაკეთებთ და თანხას გარანტიის გარეშე ვიხდით"

57860df28f843
BM.GE
13.07.16 13:32
1112
მიიღებენ თუ არა სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებულები კომპენსაციებს, რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და მათი პრევენციისთვის, - თემაზე გადაცემაში "საქმიანი დილა" იურისტი დავით კლდიაშვილი საუბრობს.

- ბატონო დათო, საკანონმდებლო მხრიდან რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც თანხები გადახდილი აქვთ და კუთვნილი ბინები თუ კომერციული ფართები არ მიუღიათ?

- ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. ჩვენ სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობთ და რომც დადგინდეს, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინეს ამ კონკრეტულმა პირებმა, ეს ავტომატურად გავლენას არ ახდენს მათზე, ვისი მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. აქ სასაუბროდ ძალიან ადვილია, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზე, ათი ათასობით დოლარზეა საუბარი, გადაუხადეს კომპანიას და ქონება ვერ მიიღეს.

-კანონმდებლობაში პუნქტი მაინც თუ არის ჩადებული, რომ დაზარალებულებმა იგი გარკვეულწილად გამოიყენონ, როდესაც დავა სასამართლოშია?

-სასამართლოსთვის მიმართვა პრობლემა არ არის. ძალიან ბევრი საქმე არსებობს სასამართლოში, როდესაც სასამართლოს მიმართეს და ცალკე თემაა, როდესაც სასამართლოები წლები გრძელდება.

ხშირ შემთხვევაში, იმ კომპანიებს, რომლებმაც ვალდებულება ვერ შეასრულეს ქონება აღარ აქვთ და შენ გიკავია სააღსრულებო ფურცელი, რომ თანხა გეკუთვნის, მაგრამ კომპანია ვერაფერს აკეთებს, იმიტომ რომ არ აქვს თანხა. სამართალში არსებობს გამჭოლი პასუხი - პასუხისმგებლობა. ძალიან რთულია დადასტურება, რომ კონკრეტულად დამფუძნებელმა ბოროტად ისარგებლა, რომ მაგალითად კომპანია შპს იყო და მთელი თანხები, რაც მიიღო პირადად გაიტანა, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში ე.წ. გამჭოლი პასუხისმგებლობით დამფუძნებლებზე გადავიდეთ. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზეა საუბარი. ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან რთულია დამფუძნებელზე გასვლა.

- “ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რეალურად ეს არის გამოსავალი?

- რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა, კონკრეტული პირის, თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს. რომც დადგინდეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და გარკვეული პასუხისმგებლობა დააკისრონ, ეს არავითარ შემთხვევაში ავტომატურად არ გულისხმობს, რომ იმ პირებს, რომლებსაც თანხები აქვთ კომპანიისთვის გადახდილი და კუთვნილ ქონებას ელოდებიან, რაღაც თანხას მიიღებენ.

- რაშია გამოსავალი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ჩემი პირადი აზრია, რომ ეს პრობლემები რეალურად იმიტომ მოხდა, რომ გაუთვითცნობიერებელ არჩევანს ვაკეთებთ. თანხას ისე ვიხდით, რომ არავითარი გარანტია გვიჭირავს ხელში. ხალხში მასიურად არსებობს აზრი, რომ თუ კი კუთვნილ ბინას არ მიიღებ, კომპანიის დამფუძნებელი დაიჭირონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ, რომ კერძო სამართლის პრინციპებს არღვევს, რომ ვიღაცამ ვალდებულება არ შეასრულოს, იგი სახელმწიფომ დაიჭიროს, აქ პრინციპები ირღვევა. ეს გამოსავალი არ არის და მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა გვპირდება, ეს აბსურდია. მეორე საკითხია, რა რეგულაცია შეიძლება იყოს. ეს არის ე.წ. მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა. თუ კი კომპანია სამშენებლო ნებართვის მიცემას ითხოვს, სახელმწიფომ ანგარიშზე თანხის დადება უნდა მოთხოვოს, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ ბინების ფასი კატასტროფულად გაიზრდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს, თუ კი კიდევ რაღაც დამატებით თანხა მოთხოვე კომპანიას, იგი ფასებს აუცილებლად გაზრდის.

გამოსავლის ბევრი გზა არსებობს. მე რამდენიმეს დავასახელებ, რაც ჩემი პირადი აზრია. პირველი -სახელმწიფო რაშიც უნდა ჩაერიოს, - აღარ უნდა გადაწიონ სამშენებლო ნებართვების ვადები. ხშირი პრაქტიკაა, როდესაც კომპანია თავის საქმეს მიცემულ ვადაში ვერ ასრულებს. ერთ მშენებლობას იწყებენ, მერე იქ თანხის აკუმულირებას გააკეთებენ, ნახევრამდე აშენებული სახლი, თანხა იხსნება, სხვა მშენებლობაზე მიდის და ერთი და იგივე თანხა. ასევე, როდესაც სამშენებლო ნებართვის ბოლო ვადა მოვა, მერიაში მიდიან თანხებს იხდიან და ვადებს წევენ. ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ იმის გათვითცნობიერება მალე შევძლოთ, რომ აშენდება ან არ აშენდება და გარკვეულწილად ჯარიმის სახით შიში ჰქონდეს მშენებელს. ვადა განსაზღვრული უნდა იყოს. მეორე საკითხი ისაა, რომ ჩემის აზრით, სამშენებლო კომპანიებმა პირველ რიგში თვითრეგულირებაზე უნდა იფიქრონ. ადრე თუ გვიან სახელმწიფოს მოუწევს ხალხის მოთხოვნას პასუხი გასცეს და სამშენებლო კომპანიებს სახელმწიფო დაარეგულირებს, რაც ვფიქრობ, რომ უფრო ცუდი იქნება.

ასევე, ვფიქრობ, რომ რეესტრი უნდა არსებობდეს, სადაც თითოეულიო კომპანია აღირიცხება თავისი დამფუძნებლებითა და პროექტებით.

საბოლოო ჯამში ძალიან არაპოპულარული რაღაცის თქმა მიწევს, მაგრამ ყველა ეს პრობლემა ჩვენი, მოსახლეობის ბრალია.  მივდივართ და მიუხედავად ამდენი მაგალითისა, დაფიქრების გარეშე ვიხდით თანხებს. პირადად მე იურისტი ვარ, გამოცდილებაც მაქვს, პროცესებიც მიწარმოებია კომპანიების წინააღმდეგ და მეც მაქვს ასეთი ნაბიჯი გადადგმული - თანხა ისე გადავიხადე, რომ მის შედეგებს დღესაც ვიმკი.

Subscribe to our news

Get the main news of the day