სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებს სამშენებლო კოდექსის თანმდევი ნორმატიული აქტები დაარეგულირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ იმ ექსპერტების მოსაზრებების საპასუხოდ განაცხადა, რომელთაც პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ შეკრებაზე მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება კოდექსის ფარგლებშიც მოითხოვეს.
„კოდექსი გახლავთ კანონი, რომელსაც თან ძალიან ბევრი კანონქვემდებარე აქტი უნდა მოჰყვეს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სხვადასხვა საკითხები. კოდექსი მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების თაობაზე ნორმატიული აქტის შექმნას ითვალისწინებს. პირდაპირ არის დავალება მთავრობაზე, რომ ასეთი აქტი შეიქმნას. ზოგიერთ ნორმატიულ აქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მთავარია რომ კოდექსის მიღება დროულად მოხდეს“, - განმარტა ირმა ქავთარაძემ.
მიმდინარე თვის განმავლობაში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ განხილვა დაინტერესებულ პირებთან მიმდინარეობს. რაც შეეხება დოკუმენტის საკომიტეტო განხილვებს, ეს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.