Samsung-ის სარეცხის მანქანის მოდელები, რომლებიც ფეთქებადსაშიშია, საქართველოში არ იყიდება - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში განუცხადეს.
საქართველოში Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ინფორმაციით, საუბარია სარეცხის მანქანებზე, რომლებიც ზედა მხრიდან იტვირთება და არა წინა მხრიდან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის მოდელები საქართველოში არ შემოსულა და არც იგეგმება შემოტანა.
შეგახსენებთ, Samsung galaxy Note 7-ის შემდეგ ტექნიკის მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა 3 მილიონამდე სარეცხის მანქანა გაყიდვიდან ამოიღო. მიზეზი ამჯერადაც იგივეა - ტექნიკა ფეთქებადსაშიშია.
სარეცხი მანქანები კომპანიამ ამერიკის ბაზრიდან ამოიღო. ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, სარეცხი მანქანები შესაძლოა მოულოდნელად აფეთქდეს და მომხმარებელს ზიანი მიაყენოს.
საუბარია სარეცხის მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2011 წლის მარტიდან 2016 წლის ნოემბრის შუალედში.