"ბოლო წლებში ურთიერთობები საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის დინამიურად ვითარდება და ღრმავდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ. დღეს კი ჩვენ საფუძველს ვუყრით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, ვმასპინძლობთ რა ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის მთის კურორტების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა.
„სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი: გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი, რის შედეგად, კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად“, - განაცხადა პრემიერმა.