მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, ინტეგრირებული სამუშაო ოფისები სულ უფრო ხშირად გვხდება. მსგავსი სივრცეები, გარდა იმისა რომ სტანდარტულ ოფისებზე კომფორტულია, საერთო ინტერესების მქონე პირებს შორის ინფორმაციის გაცვლასაც უწყობს ხელს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც უქმეებზე ან სამუშაო დღეებში სახლში/ოფისში კონცენტრირება რთულია, ასეთ დროს კი საუკეთესო გამოსავალი ქალაქში არსებული მყუდრო კაფეები და სპეციალური სამუშაო სივრცეებია. ბიზნესკონტრაქტი რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
1. თბილისის მედიათეკები
თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, სააბონენტო წლიური ღირებულება 15 ლარს შეადგენს. აღნიშნულ თანხაში შედის, როგორც მედიათეკის სტუმრობა, ასევე ინფრასტრუქტურით სარგებლობა, ინტერნეტი და წიგნების გატანის სერვისი.
2. პროსპეროს წიგნები
რუსთაველის გამზირზე მდებარე „პროსპეროს წიგნების“ მაღაზია, სტუმრებს მყუდრო და წყნარ გარემოს სთავაზობს, სადაც მუშაობასთან ან წიგნის კითხვასთან ერთად, ადგილზე მდებარე კაფის მომსახურებით სარგებლობაცაა შესაძლებელი.
3. ბიბლუსი
ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბიბლუსის გალერეაში „ლიტარატურული მენიუს“ გაცნობის გარდა შეგიძლიათ, კაფის სერვისითაც ისარგებლოთ.
4. ლიგამუსი
წიგნის სახლი ლიგამუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. „ლიგამუსი“ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს: წიგნის მაღაზიას, კაფეს, სამკითხველო დარბაზს, საბავშვო ოთახს და უსადენო ინტერნეტს.~
5. ტექნოპარკი
უკვე მეორე წელია თბილისში ინოვაციების ქუჩა და მასზე მდებარე პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა. ტექნოპარკის ნებისმიერ წევრს, ადგილზე რამდენიმე სერვისის მიღება შეუძლია, მათ შორისაა ფაბლაბებით სარგებლობა.
6. Vere Loft
ადგილი რამდენიმე სივრცეს აერთიანებს: სამუშაო, დასასვენებელი, სათამაშო სივრცე და კაფე-ბარი.
7. Impact Hub Tbilisi
ღია სამუშაო სივრცე მცირე კომპანიებისთვის, ფრილანსერებისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების მქონე ადამიანებისთვის - Impact Hub Tbilisi დაინტერესებულ პირებს „პირადი ოფისის“ გარდა ტრენინგებს, სემინარებს და სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს. Impact Hub Tbilisi განსხვავებული კონცეფციის ჰოსტელის - „ფაბრიკის“ - ტერიტორიაზე მდებარეობს.