"სამხრეთ გაზის დერეფანი" ევროპისთვის ალტერნატიული დერეფანია, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა, - განაცხადა გადაცმაში "ბიზნესკონტაქტი" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა. მისი თქმით, გაზის ყველა მოცულობა, რომელიც გაივლის აღნიშნულ დერეფანში გაივლის საქართველოს ტერიტორიაზეც.
"ჩვენთან მილსადენის გაფართოვების პროექტში 2 მილიარდის ინვესტირებაა დაგეგმილი, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ნებისმიერ მსგავს ინვესტიციას თან მოსდევს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება და დასაქმება.
ჩვენ დამატებითი მოცულობებიდან გვექნება ბუნებრივი აირის მოცულობების მიღების შესაძლებლობა. დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე დამატებით ჩვენ გვექნება შეღავათიან ფასად შესყიდვის შესაძლებლობა.
ევროპის ბაზრისთვის ეს არის ალტერნატიული დერეფანი ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში.
კასპიის რეგიონში და კონკრეტულად აზერბაიჯანიდან მოხდება მიწოდება ევროპული ბარზებისთვის. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში 10 მილიარდზეა საუბარი. ეს არის პირველი ნაბიჯი. სამხრეთ დერეფნის კონცეფცია ეს არის ინიცირება ევროკავშირისგან, როგორც უსაფრთხოების კომპონენტის და იმედი მაქვს რომ კასპიის რეგიონის სხვა რესურსებიც დაემატება მას“, - განაცხადა ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტრანს-ადრიატიკული მისლადენის (TAP) მშენებლობა დაიწყო. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში "სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6მლრდ-დან - 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. სახმრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.
სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 2000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.