Home
Category
TV Live Menu

სანდრო ონოფრიშვილი: 7-8 წელში თეთნულდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება

5846d52d492e5
BM.GE
08.12.16 09:45
1048
კურორტები ზამთრის სეზონისთვის ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა, - თემაზე "საქმიან დილასთან" "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი საუბრობს.

- წელს ზამთრის ტურისტულ სეზონზე რა სიახლეებს გვთავაზობთ?

- სამთო კურორტებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასკვნით ფაზაშია. გუდაურის საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება. წლის ბოლოს ყველა საბაგირო ჩართული იქნება, ახალი ტრასებიც გვაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ კურორტი მიტარბი იხსნება, სადაც უნიკალური სათხილამურო ტრასებია და ვინც სრიალებს აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა მოსინჯოს ამ ტრასებზე სრიალი. 35 წლის წინ, ეს ყველაზე პოპულარულ ტრასებად ითვლებოდა და ოლიმპიადაზე წარდგენილი იყო, როგორც სწრაფ დამშვები ტრასები. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ კურორტი თეთნულდი აუცილებლად ყველა ქართველმა უნდა ნახოს. წლევანდელ სეზონზე ეს კურორტი 24 დეკემბერს გაიხსნება, ვიზიტორებისთვის ადგილზე ყველაფერი მოწყობილია. ერთი საბაგირო დარჩა, რომლის მონტაჟიც დამთავრებულია და მისი ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს.

- არსებული კურორტებიდან რომელ სეგმენტს გამოყოფდით?

- გუდაური ძირითადად ახალგაზრდა დამსვენებლებზეა მორგებული. ბაკურიანი თავისთავად ოჯახური კურორტია და გოდერძი და თეთნულდი კი თავისთავად მისტიკაა, ისეთი საოცრებაა, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს, მარტო ნახვა რად ღირს სრიალს რომ თავი დავანებოთ. თეთნულდს, რა თქმა უნდა, პოპულარიზაცია დასჭირდება და ამისთვის წლებია საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ 7-8 წელში კურორტი თეთნულდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება, იმის მიხედვით, რომ იქ კარგი ხარისხის თოვლი და ძალიან მაღალი ხარისხის ტრასებია.

- ჩვენ ინფორმაციით, გუდაურსა და ბაკურიანში უკვე სასტუმროები მთლიანად დატვირთულია. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას ამ მიმართულებით მესტიასა და გოდერძის კურორტზე რა მდგომარეობაა?

- გოდერძიზე ვერ დავიკვეხნით, რომ ბევრი სასტუმრო გვაქვს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაც გვაქვს ისიც დაჯავშნილია. ასევე მესტია მთლიანად დაჯავშნილია და მოლოდინი აქვთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. ჩვენ დიდი იმედი გავქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომ გზების გაწმენდა დროულად მოხდება, რადგან ახლა ეს მესტიისთვის და მთელი სვანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ზუგდიდი-მესტიის გზა ყოველთვის რეჟიმში იყოს და ასევე თეთნულდის გზაც. ამ კვირაში აღნიშნულ თემაზე სამინისტროში შეხვედრა გვექნება და ვფიქრობ, რომ გზის გაწმენდის პრობლემა არ გვექნება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ ტურისტი სვანეთში ვერ ავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფულს მთლიანად სახელმწიფო აგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პრობლემას მოაგვარებს, რადგან არის ის შემართება, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

- თუმცა ინფორმაცია გვაქვს, რომ რადგან ეს ოთხივე კურორტი უკვე დატვირთულია, დამატებითი ვიზიტორების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია...

- ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. ერთია, რომ ჩვენ სასტუმროებისა და აპარტოტელების აშენება გვიხარია, თუმცა ქაოტური განაშენიანება მთლიანად კურორტს ღუპავს. მაგალითად, ბაკურიანი საშინელ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ცუდი მაგალითია თუ როგორ განვითარდა ეს კურორტი სახელმწიფომ ბიზნესს სრული თავისუფლება მისცა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩენ გვინდა, რომ გუდაურში და სხვა კურორტებზე ეს არ განმეორდეს. გუდაურს შეიძლება ითქვას, რომ მივუსწარით.

- იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის სივრცითი დაგეგმარება?

- გუდაურის გენერალური განვითარების ახალი გეგმა მსოფლიოში ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია "ეკოსაინის" მიერ შემუშავდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და 400 კურორტი აქვს დაპროექტებული. ახლა საკრებულოებში ამ გეგმის დამტკიცება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, აღნიშნული პროექტის ადაპტაცია და სივრცით დაგეგმარებაში გადაყვანა მოხდა. უახლოეს მომავალში მთავრობა აღნიშნულ დოკუმენტს დაამტკიცებს. პირადად ჩემთვის მთავარი და აღსანიშნავი ის არის, რომ მე უკვე ვიცი რიგითობით ყოველწლიურად რომელი სასტუმრო სად უნდა აშენდეს და რომელი ტრასა უნდა გამოიცვალოს. კურორტების სწორი მიმართულებით გასავითარებლად ყველაფერი დათვლილია. კარგია, რომ ქაოტური მშენებლობები დასრულდება. ეს ძვირი სიამოვნებაა, გუდაურის შემთხვევაში დაახლოებით 300 000 აშშ დოლარი დაჯდა და არა ნაკლები დაჯდება ბაკურიანიც. ბაკურიანის სივრცით დაგეგმარებაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ძალიან კარგ კომპანიასთან ერთად და გვაქვს კომუნიკაცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კურორტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day