საპენსიო რეფორმა ძალაში 2017 წლიდან შევა, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ კუთხით მინიმალურია. ასევე ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. საპენსიო რეფორმის დეტალებზე "ბიზნესკონტრაქტთან" ანალიტიკოსი დემნა დევდარიანი საუბრობს.
- ბატონო დემნა, როგორ ვითარდება ის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც საპენსიო რეფორმას უკავშირდება?
- დღეს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის თანამდებობა სამინისტროში მართლაც ვაკანტურია. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას აღნიშნული რეფორმა. ზოგადად ეს ეკონომიკური ხასიათის ძალიან ამბიციური პროექტია და თავისთავად მნიშვნელოვანი სოციალური „ბენეფიტებიც“ აქვს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიზოული გამოწვევა არის საზოგადოების ცნობიერების ამღლების კუთხით ჩასატარებელი კამპანიები.
ვფიქრობ, რომ პროცესი ფართომასშტაბიანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმატების საჯარო შეხვედრები იყო არასამთავრობო სექტორთან, თუმცა ეფექტიანი კამპანია ამ მხრივ მთელი პროცესის განმავლობაში არ ჩატარებულა.
- პროექტის სწორად წარმართვის შემთხვევაში შეიძლება თუ არა წარმატებული საპენსიო სისტემა მივიღოთ?
- ჩემი პირადი აზრია, რომ ეკონომიკური ლანდშაპტიდან გამომდინარე ცოტა ადრეა აღნშნული რეფორმის გატარება, თუმცა მოსაზრება არსებობს, რომ სწორი დრო თითქმოს არასდროს არის ხოლმე და სახელმწიფომ ეს ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს. გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაცია ისეთი მკაცრია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. საქართველოს წინაშეც დემოგრაფიული, ეკონომიკური და ფინანსური გამოწვევები სწორედ ამას მოწმობს, რომ ეს რეფორმა დასაწყებია და მეტიც - დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით რასაც ვუყურებთ, იგივე სავალუტო კრიზისი, ბოლო პერიოდში გაჟღერებული საჯარო სამსახურებში 30%-იანი შემცირება და ა.შ. მოწმობს იმას, რომ ამ ეტაპისთვის ეს ძალიან ადრეა.
- თქვენ როგორ ვარაუდობთ, დღეს საზოგადოება ამ რეფორმისთის მზად არის, ან რა სამუშაო უნდა გატარდეს, რომ საზოგადოება ამისთის მზად იყოს?
- ფორმალური დასაქმების ნაწილში, ჩვენ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ძალიან ცოტა გვყავს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ლეგიტიმური საფუძველის მომცემი არ არის ის მოლოდინი, რომ მაღალ დანაზოგებს მოიტანს საპენსიო რეფორმა, რადგან ჩვენ არ ვართ სინგაპურის მსგავსი ქვეყანა. ჩვენ დოვლათის გადანაწილების პრობლემა არ გვაქვს იმდენად, რამდენადაც დოვლათი არ გვაქვს საერთოდ. ამიტომ ის მოლოდინი, რომ მაღალი დანაზოგებით მათი ეფექტიანი ინვესტიორება მოხდება ეკონომიკაშ, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები, ვფიქრობ რომ საფუძველს მოკლებულია.
- 2017 წელს ამ მიმართულებით რა სამუშაოს გატარებას ელით?
- მაგალითად, სომხეთს ამ რეფორმაზე მუშაობისთვის ზუსტად 15 წელი დასჭირდა, ჩვენთან კი ეს ძალიან მალე მოხდა და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთ ნაკლია და მოქალაქეებს რომ არასრული ინფორმაცია აქვთ ან საერთოდ არ აქვთ სწორედ აქედან გამომდინარეა. ამ ყველაფრის ინიცირება და განხორციელება ძალიან სწრაფად მოხდა. 2017 წლიდან აქტიურ ფაზაში ჩაეშვება და ეტაპობრივად დაიწყება და ვფიქრობ, რომ აქ საზოგადოიებასთან და ბიზნესთან კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.