ქართული ოცნების წევრის ილია წულაიას განცხადებით, საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს.
"ყველაზე საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა, წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში მოგების გადასახადის გაუქმება იყო. რაც შეეხება უარყოფითს, ყველა შემთხვევაში ხდება რაღაც შეცდომების დაშვება. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ჩემი აზრით არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ ახალი პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს საქართველოში ბიზნესის კეთება", - განაცხადა წულაიამ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ახალი პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასაქმება და ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება. წულაიას განცხადებითვე, ის აქტიურად ჩაერთვება სამშენებლო კოდექსის შემუშავებაში.
"წლების განმავლობაში დამკვიდრდა დეტალები, რომლებმაც გამოიწვიეს, ის რომ მომხმარებელი ვერ იღებს იმ პროდუქტს რაც სურს. მშენებლის კეთილსინდისიერებაზე ბევრია დამოკიდებული. ვიცით არაერთი შენობა რომელიც არ ჯდება სტანდარტები , თუნდაც ვიზუალისა და ხარისხის კუთხით, - ეს შეიცვლება. სამშენებლო კოდექსი ამას მოაწესრიგებს და მე აქტიურად ჩავერთვები რომ სამშენებლო სფერო მოწესრიგდეს და გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს", - ამბობს წულაია. მისივე თქმით, სამშენებლო კოდექსი გაითვალისწინებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, რაც ელექტროენერგიის დაახლოებით 30%-ით დაზოგვას იწვევს.