Home
Category
TV Live Menu

"საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება, არამხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთლიანად უძრავი ქონების ბაზრის პრობლემაა"

580f7cf6a83d4
BM.GE
25.10.16 19:39
1719
საქართველოს პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის დეკემბერში აკრძალა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ბანკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ზღუდავს, ამიტომ მათ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ გამოუტანია, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია საუბრობს.

- ბატონო ზურაბ, როგორ მიდის აღნიშნული ცვლილების განხილვა?

- საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მიიღო, მაგრამ როდისთვის იქნება გადაწყვეტილება, ამის თქმა ცოტა რთულია. ცნობილია თავად საკონსტიტუციო სასამართლოში რა პრობლემებიც არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დალაგდება. ჩვენ არგუმენტებით ვესაუბრებოდით პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს და განსაკუთრებით იურიდიულ კომიტეტს, რომელიც ყველაფერი ამის ინიციატორი იყო, ასევე სტატისტიკა მოვიყვანეთ, იყო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების, ბიზნეს ომბუდსმენის დასკვნები. მიუხედავად ამისა, მათ თავიანთი პოზიცია ბოლომდე გაიტანეს და მიიღეს ის ცვლილება, რომელზედაც ვეუბნებოდით, რომ აუცილებლად პრობლემებს შექმნიდა და შეიქმნა კიდეც ეს პრობლემები. აქ არ არის საუბარი საკრედიტო დაწესებულებებზე, ზოგადად საერთოდ გამოსახლებაზეა საუბარი. 5% იყო გასაჩივრებული, რომლიდანაც სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა, ანუ ასივე პროცენტის შემთხვევაში სწორად იქნა კანონის სრული დაცვით გამოსახლება გაკეთებული.
სასამართლოებში ყველამ იცის რა მდგომარეობაც არის, 600-700 საქმე აწერია თითო მოსამართლეს.

- აღნიშნული კანონის ცვლილებამ ბანკებს თუ უბიძგა უფრო კომპრომისზე წასულიყვნენ და დამატებითი რგოლები შემოეტანათ?

- ამ კანონს არ ეხება, მაგრამ მე სხვა კუთხით ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ძალიან ბევრი შემთხვევებია, როდესაც უშუალოდ მევალე ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც უკვე ბანკის საკუთრება გახდა, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებულია და ადამიანს ვადა აქვს მიცემული სახლის გამოსასყიდად, იგი ქირას არ იხდიდა და ამ ქირის გადახდა თავად ბანკს უწევდა. საბანკო სექტორისთვის ეს სერიოზულ პრობლემა არ იყო. ჩვენთან არის რამდენიმე ბანკი, რომელსაც გამოსახლება დღემდე ნოლი აქვს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არა მხოლოდ საბანკო სექტორის პრობლემაა, არამედ მთლიანად უძრავი ქონების ბაზრის პრობლემაა, რომელიც ბიზნესურთიერთობებში სერიოზულ მონაწილეობას ღებულობს. ამ დროს რისკები გაზრდილია და სწორედ შეფასებები და თვითონ უძრავი ქონების მფლობელი არათანაბარ პირობებში დგებიან, ვინაიდან მას რაღაც სერიოზული ქონება აქვს და ბიზნესურთიერთობებში ძალიან დაბალი წილი შედის აღნიშნული ქონების, ვინაიდან რისკი მაღალია, რადგან დაცული არ არის ის, ვინც ამ ურთიერთობებში შემოდის. ამ რისკების გავთვლა წარმოუდგენელია, ხშირად ეს თვეებით არ განისაზღვრება, შესაძლოა ეს დავები წლობით გაგრძელდეს. ამან მთლიანობაში გარემო გააფუჭა.

Subscribe to our news

Get the main news of the day