საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო კოლეგიისთვის ახალი ფლიგელის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ახალი ფლიგელის ბიუჯეტი 5 100 117 ლარია.
მისივე ინფორმაციით, ახალი შენობის აშენების შემდეგ სასამართლოს 25 ახალი დარბაზი შეემატება, რაც ინფრასტრუქტურულ პრობლემას გადაჭრის.
სასამართლოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალი ფლიგელი განკუთვნილია სამოქალაქო კოლეგიისთვის, მაგრამ შესაძლოა, იქ ბიზნეს დავებიც განიხილონ.
ცნობისთვის: 1 აგვისტოდან საქალაქო სასამართლოში საინვესტიციო და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ამოქმედდა, რომელმაც 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე დავები უნდა განიხილოს, მაგრამ ამ დრომდე საქმეების არსებითი განხილვა არ ყოფილა; თუმცა უკვე გამოყოფილია 4 მოსამართლე - თამარ ბურჯნააძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია, რომელთაც საქალაქო სასამართლში 500 000 ლარს ზევით დავების განხილვა დაეწერათ და ასეთი საქმე ამ დროისთვის 220-მდეა.
პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს კერძო სამართლის რეფორმაზე და ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებს კონსულტაციას შპს „Dechert Georgia“ უწევს, თუმცა ფართო წრეებისთვის და მათ შორის მედიისთვის, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ჯერჯერობით, უცნობია.