გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში წარადგინა ორი ანგარიში, რომელიც აღწერს ჰუმანური განვითარების გამოწვევებს როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, თურქეთისა და შუა აზიის რეგიონში.
"ჰუმანური განვითარების ანგარიშებში წამოჭრილი ბევრი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, სადაც შემოსავლების არათანაბარი განაწილება რეგიონში ყველაზე მაღალია. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი იკლებს 12.2 პროცენტით როდესაც მისი გადათვლა ხდება უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით“, - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა ნილს სკოტმა.
საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და ოდნავ გაუმჯობესებულია 2015 წლის მონაცემთან შედარებით (0.754). 2000-2015 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.673-დან 0.769-მდე. მთლიანმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
საქართველო 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. მისი ჰუმანური განვითარების 2015 წლის ინდექსი (0.769) უსწრებს მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.746) და ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.756). ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში საქართველოსთან ახლოს არიან სომხეთი და ბოსნია ჰერცოგოვინა, რომელთა პოზიცია HDI რეიტინგში შესაბამისად 84 და 81-ია.
1990–2015 წელს, დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში გაიზარდა 4.7 წლით, სწავლის ხანგრძლიობა - 0.5 წლით, ხოლო სწავლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.5 წლით. მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita) გაიზარდა 17.1 პროცენტით.
საქართველოს ჰუმანური განვითარების იდექსის (0.769) გადათვლისას უთანასწორობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნის ზოგადი მაჩვენებელი იკლებს 12.2 პროცენტით და შეადგენს 0.672-ს. ეს დანაკარგი განპირობებულია HDI-ის სხვადასხვა განზომილების მაჩვენებლების არათანაბარი განაწილებით. სომხეთისა და ბოსნიისა და ჰერცოგოვინას მაჩვენებლები იკლებს შესაბამისად 9.3 და 12.2 პროცენტით. მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებში უთანასწორობით გამოწვეული მაჩვენებლის საშუალო კლება 20.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში - 12.7 პროცენტს. საქართველოს უთანასწორობის კოეფიციენტი შეადგენს 12.2 პროცენტს.