საქართველომ 5 წელში შესაძლოა, თურქმენული გაზით ისარგებლოს. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, თურქმენეთიდან გაზი სამხრეთ-კავკასიური მილსადენის დახმარებით შემოვა. სპეციალურად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი არ განიხილება.
"ევროკავშირის მოსაზრება არის, რომ მსხვილი ინვესტიციების გარეშე, არსებული ინფრასტრუქტურით, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოებით - TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით, ჩვენს დერეფანში თურქმენული გაზის პატარა მოცულობების მობილიზება შეიძლება, დაახლოებით 3-დან 7 მილიარდ კუბურ მეტრამდე. აქ არ არის ლაპარაკი მეტ მოცულობებზე, რადგან ამას აბსოლუტურად ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი მარშრუტი, საკმაოდ მძლავრი მილსადენები და ათეულობით მილიარდი ინვესტიცია ჭირდება, რომლისთვისაც, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეისთვის ევროპა მზად არის ჩვენი რეგიონიდან და თურქეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ "3-5 წლის პერსპექტივაში მცირე მოცულობების შემოტანის პერსპექტივები არის“.
"უფრო მასშტაბური პერსპექტივები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, მარტო საქართველო დროშით ხელში ამას ვერ მოერევა“, - აღნიშნა მან.