2017 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (86 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (73 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (72 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 24 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 11 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
მეოთხე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, ხუთეულს კი ნატურალური ღვინოები ასრულებს. ასევე ათეულში შედის სამკურნალო საშუალებები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკალი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 53 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 27 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 23 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).