Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ რეგიონში საარბიტრაჟო და სასამართლო განხილვების ადგილად იყოს არჩეული"

5740042b7876d
BM.GE
21.05.16 10:40
1068
როდესაც კომპანია ან ინდივიდუალური მეწარმე უცხოურ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას იწყებს, პირველი და მნიშვნელოვანი რაც უნდა გაკეთდეს მათ შორის ხელშეკრულების დადებაა, რომელიც მომავალში მათ ბიზნეს ურთიერთობებს განსაზღრავს.
 
როდესაც საქმე საერთაშორისო ბიზნეს გარიგებას ეხება ქართველი მეწარმეები და ბიზნესმენები ხშირად დაუდევრობას იჩენენ და უცხოელ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობას სამართლებრივ ჩარჩოში არ აქცევენ. ეს კი უმეტეს შემთხვევაში ისევ და ისევ მათი კომპანიისთვის არის დიდი ფინანსური ზიანის მომტანი და მეტიც ხშირად გაკოტრების საფუძველიც კი ხდება. ყველაფერი უფრო მეტად მაშინ რთულდება, როდესაც საქმე დავამდე მიდის. თემაზე “საქმიან დილასთან“ EY Georgia-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი და სამართლის დოქტორი გიორგი სვანაძე საუბრობს.

- რა ფორმით მიმდინარეობს საერთაშორისო გარიგებები და თითოეულ ფორმას რა რისკ-ფაქტორები ახლავს თან?

- ბიზნეს გარიგებები უამრავი ფორმის არსებობს. დაწყებული ნასყიდებიდან, მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც სამი ფორმა შეიძლება გამოვყოთ, რომელიც იურიდიული კატეგორია არ არის. ეს არის პრაქტიკიდან გამომდინარე ბიზნესმენების მხრიდან თავიანთი ურთიერთობის წარმართვის გამოყოფილი ფორმა. პირველია, როდესაც მაგალითად, ქართველი მეწარმე სუბიექტი ცდილობს, რომ ურთიერთობა დაამყაროს და გარკვეული უცხოური პროდუქცია შეიძინოს და შემოიტანოს. ამ შემთხვევაში მხარეს ელექტრონული ფორმით ან წერილის მიწერით უკავშირდება და სურვილს გამოხატავს, რომ მასთან ურთიერთობაში შევიდეს. მას შეთავაზება მოსდის, რომელშიც მცირედი პირობებია გაწერილი. მაგალითად, მიწოდების პირობები, პროდუქციის აღწერილობა, სპეციფიკაცია, რაოდენობა და შესაბამისი ფასი. ამ შემთხვევაში ჩვენი, ქართული მხარე ამ პირობებს თუ დაეთანხმება, მაშინ გამოდის, რომ დათანხმების მომენტიდან იწყება სახელშეკრულებო ურთიერთობა.

- ამ ფორმას რა რისკები ახასიათებს?

- რისკი ის არის, რომ ეს არც ისე მაღალ დონეზე გაწერილი პირობებია მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობებისას შესაძლოა განსახილველი გახდეს. შეიძლება გაწერილი არ იყოს ის პირობები, რაც ხდება მაგალითად მაშინ, როდესაც პროდუქციამ ჩამოსვლა დააგვიანა, მიწოდების დროულად განხორციელება არ მოხდა ან კიდევ სათანადო ხარისხის, ან რაოდენობის პროდუქცია არ იყო. ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესი ქართულმა მხარემ, მეწარმე სუბიექტმა, - ეს საკითხი კანონმდებლობის ამარა არის დატოვებული, ანუ ეს რომელი ქვეყნის კანონმდებლობაშიც ეწერება იმ კანონმდებლობით უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ მეწარმე სუბიექტები უფრო მეტ წინდახედულობას გამოიჩენენ და ამ პირობებს უფრო დეტალურად ხელშეკრულების სახით გაწერდნენ. მეორე ფორმაა, როდესაც მეწარმე სუბიექტი, მეორე მხარე უფრო მომზადებულია, ორგანიზებულია და მას წინასწარი გაწერილი პირობები გააჩნია, რომელსაც მეორე მხარეს სთავაზობს და შესაბამისად, ამ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მყიდველი მხარე არანაირ ანალიზს არ მოახდენს და ბრმად დაეთანხმება და ამ დროს კიდევ უფრო მეტი რისკის მატარებელი შეიძლება ურთიერთობა იყოს. იმიტომ, რომ ერთის მხრივ მართალია პირობები გაწერილია, მაგრამ გაწერილია არა დაბალანსებული ფორმით, არამედ შეიძლება ითქვას გამყიდველის, მომწოდებლის პოზიციიდან არის ხელშეკრულება შედგენილი. ეს კი შიძლება ქართველ მეწარმე სუბიექტს სარისკო ვითარებაში აყენებდეს.

- იმისათვის, რომ თავიდან რისკები ავიცილოთ აუცილებელია ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ?

- ამ კითხვას, როგორც არა იურისტი გაგცემთ პასუხს, რომ თუ ბიზნეს ურთიერთობაში შედიხარ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მითუმეტეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიასთან, აუცილებელია რისკები კონკრეტულად და დეტალურად იყოს გაწერილი იმისათვის, რომ დაბალანსებულად მოხდეს ორივე მხარეს ინტერესები დაცვა. შეიძლება საქმე ცალმხრივად დაწერილ ხელშეკრულებასთან გვქონდეს, რომელიც მხოლოდ ერთი მხარეს ინტერესების უპირატესობის გასათვალისწინებელი იყოს და ეს სარისკო იქნება. ამ შემთხვევაში ურთიერთობაში თუ იურისტი ერევა, რა თქმა უნდა, იურისტი სათანადო დოზით ვალდებულია შეატყობინოს და ინფორმაცია მის დამკვეთს მისცეს, რომ ამა და ამ პუნქტში გაწერილი პირობები თქვენთვის შეიძლება სარისკო იყოს. ასეთ დროს მეწარმეს საშუალება ეძლევა მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ეს სუფთა ბიზნესის საკითხია და ეს ბიზნესმენის გადასაწყვეტია. არის ურთიერთობები, რომელიც ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობებით ხასიათდება და ბიზნესმენის გადმოსახედიდან იურისტის ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ გრძელვადიანი ურთიერთობის შემდეგ, მაგალითად ათი წლის შემდეგ მეთერთმეტე წელს გახდეს საჭირო. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი ათი წლის განმავლობაში რა პირობებითაც შედგა ურთიერთობა ის არ ამოქმედებულა, მაგრამ მეთერთმეტე წელს ამოქმედდება და მთლიანი ათი წლის განმავლობაში მიღებული სარგებელი შესაძლოა წყალში ჩაყაროს, რადგან პარტნიორული ნდომა მეორე პლანზე გადადის და იქ სახელშეკრულებო პირობებით ხდება ყველაფრის გადაწყვეტა.

- არის თუ არა სამართლებრივი სტაბილურობა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი?

- ჩემთვის, როგორც იურისტისთვის შეიძლება რთული იყოს კვალიფიციური ეკონომიკური ანალიზის გაკეთება, მაგრამ ჩემი შეხედულებით, თუ სტაბილური ურთიერთობა სახელშეკრულებო ჩარჩოშია მოქცეული, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა შეფერხებების გარეშე გრძელდება, მიწოდება-მოთხოვნა ერთმანეთს პოულობს და შესაბამისად ურთიერთობა სადავო არ არის. როდესაც სადავო ურთიერთობა არ არის, ბიზნეს ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება და ეს ეკონომიკურ ბრუნვას და ე.წ. დოვლათის დაგროვებას იწვევს, როგორც ჩვენს, ისე მეორე ქვეყანაშიც. დავა და ტრანზაქციული ხარჯები, რაც დავას ახლავს სახეზე შეიძლება საერთოდ არ იყოს, რაც ეკონომიკურ სტაბილურობასა და წინსვლას განაპირობებს.

იმისათვის, რომ ასეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში უფრო მარტივი და მოქნილი იყოს მოლაპარაკებები, ხშირად ყველაზე მთავარი მომენტია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა იქნეს გამოყენებული. სწორედ ეს ორი საკითხია საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება ხელშეკრულებაში ყველანაირი პირობა გავწეროთ, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელი ქვეყნის სამართალიც იქნება გამოსაყენებელი, იმ სამართლით მოხდება ამ ურთიერთობების კვალიფიცირება. ხშირად არ მოდიან მხარეები ქართული სამართლის გამოსაყენებლად და გვქონია შემთხვევები, როდესაც უცხოურ სამართალზე დავთანხმებულვართ ან კიდევ ნეიტრალურ, სხვა მესამე ქვეყნის სამართალზე. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ალტერნატივა იქნებოდა საერთაშორისო კონვენციების გამოყენება. თუ ქართველი მოსამართლე განიხილავს დავას, მან შეიძლება ურთიერთობა სხვანაირად დააკვალიფიციოს და ეს კანონზომიერია. თუ უცხო ქვეყნის სასამართლო განიხილავს დავას ის თავისი ქვეყნის სამართლის ჩარჩოში მოაქცევს ურთიერთობას.

- რამდენად რეალურია, რომ საქართველო დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჰაბი გახდეს?

-თუ საქართველო ჰაბი გახდება ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრწყინვალე იქნებოდა. ის ქვეყნის იმიჯს აამაღლებდა, ახალ დამატებით შემოსავლებს შემოიტანდა, რაც ქვეყანას დამატებით სარგებელს მოუტანს. შესაძლებლობა ჩვენი გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონში მაინც შევქმნათ გარკვეული ჰაბი იმისათვის, რომ საქართველო საარბიტრაჟო თუ სასამართლო განხილვის ადგილად იყოს არჩეული.

Subscribe to our news

Get the main news of the day