"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ საბანკო ჰოლდინგების რეგულირებით მათთვის არაფერი იცვლება. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს ბანკი არაპროფილურ აქტივებს არ ფლობს, ამიტომ ამას დიდი გავლენა არ ექნება".
თუმცა, ბანკირს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები მაინც აქვს.
"საქართველოს ბანკს არასაფინანსო სექტორში დაბანდებები არ აქვს. როგორც იცით, 2 წლის წინ მოხდა ჯგუფის რეორგანიზაცია, როდესაც ბანკის გარეთ გავიდა ყველა არაპროფილური აქტივი და ჩვენი აქციონერების თუ დეპოზიტების თანხებით არაპროფილური აქტივები არ ფინანსდება.
ბანკისთვის ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა, შეზღუდვებმა, რომლებიც წესდება, შეიძლება გარკვეული წილი ითამაშაოს მომავალ დაფინანსებაში. მაგალითად, საბანკო კორპორატიულ სექტორში დაფინანსებას აქციების უზრუნველყოფით გაცილებით უფრო კრიტიკულად მივუდგებით. თუ ბანკს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ექნება ამ აქციების მფლობელობაში გადმოყვანის უფლება, მაშინ ჩვენი რისკებიც... გაცილებით უფრო მკაცრად უნდა შევხედოთ ამას",- აცხადებს კახა კიკნაველიძე.
რაც შეეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში შემავალ პირებს, აღმასრულებელი თანამდებობების დაკავება აღარ შეეძლებათ, კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ ამ რეგულაციას ემხრობიან.
"ჩვენ აბსოლუტურად სწორად მიგვაჩნია და ვფიქრობ, რომ საქართველოს ბანკი პირველი იყო, რომელმაც დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს კონცეფცია დანერგა და გააღრმავა და დღეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელი წევრებით არის დაკომპლექტებული",- აცხადებს კახა კიკნაველიძე.