საქართველოს ბანკმა EBRD-სგან ახალი საკრედიტო ხაზი მიიზიდა. საუბარია 135- მილიონ ლარიან საკრედიტო ხაზზე, რომელიც 5 წლიანია.
ეს უკვე მეორე ტრანშია, რომელიც ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 2016 წლის მაისის შემდეგ მიიღო. პირველი ტრანშის მსგავსად თანხა მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესსა და ქალი ბიზნესმენების მხარდასაჭერად.
მთლიანობაში ბანკის მიერ EBRD-სგან მოზიდული თანხა 242 მილიონ ლარს შეადგენს. აქვე აღნიშნულია, რომ EBRD-მა თანხა ლარში დენომინირებული ობლიგაციების კერძო განთავსებით მოიზიდა.
საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კახა კიკნაველიძე ხაზს უსვამს EBRD-ის, საქართველოს ბანკისა და Galt&Taggart-ის თანამშრომლობას. მისი განცხადებით, ეროვნულ ვალუტაში სესხის გაცემის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეიმჩნევა.
მისივე თქმით, ლარში დენომინირებული ეს დაფინანსებაც და EBRD-ის მიერ შემოთავაზებული სხვა სტიმულები გააგრძელებს დედოლარიზაციის პროცესს ქართულ ეკონომიკაში, რითიც სარგებელს ადგილობრივი ბიზნესი მიიღებს.