Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი საშუალოვადიან პერსპექტივაში, 5%-დან 7%-მდეა"

57ea70778fe35
BM.GE
27.09.16 17:12
922
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა 3%-მდე გაიზრდება და მომავალი ორი წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 5% მიაღწევს. აღნიშნულ თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ Galt&Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, აზიის განვითარების ბანკმა ეკონომიკური პროგნოზი გაგვიზარდა, Galt&Taggart-ი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაცილებით უფრო მაღალი ზრდის პოტენციალი გააჩნია. რას უკავშირებთ ბანკის პროგნოზს?

- საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში ორი რთული პერიოდი ჰქონდა. ეს იყო ომის პერიოდი და რეგიონალური დევალვაცია, რამაც ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპები ჩამოწია. ჩვენი დღევანდელი 3%-იანი ზრდა მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც გასაგიჟებლად კარგი არ არის, იმასთან შედარებით რაც რეგიონშია გამორჩეულად კარგია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტიულობა ჯერ კიდევ დაბალია და ამის ზრდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაწევა უნდა მოხდეს. როგოც მინიმუმ, ჩვენ გვგონია, რომ საქართველოს ზრდის პოტენციალი საშუალოვადიან პერსპექტივაში სადღაც 5%-დან 7%-მდე აქვს.

- 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაზრდას შეძლებს?

- ეს ფაქტიურად თეორიულადაც კი გამორიცხულია. წინა წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეკონომიკური ზრდა 4%-ს გადააჭარბებდა, მაგრამ იმისთვის, ეს რომ მიღწეულიყო, საჭირო იყო გარკვეული ქმედებები, მათ შორის არის ბევრად უფრო აგრესიული პოლიტიკა ლარის გამოშვებასთან დაკავშირებით, რაც კურსის ცოტა შესუსტებასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ეკონომიკური ზრდისთვის კარგი იქნებოდა. ასეთი აგრესიული ზრდა ამ კუთხით არ მომხდარა, იმიტომ რომ ეტყობა ეროვნულმა ბანკმა სხვა უარყოფითი მოვლენები გაითვალისწინა.

- რა ძირითადი ფაქტორები მუშაობს დღეს ექსპორტის ზრდის წინააღმდეგ?

- უპირველესად ესაა რთული რეგიონალური ვითარება და ასევე ძირითად საექსპორტო მაჩვენებელზე, როგორიც არის სასუქები და მადანი, ფასის კლება. აგვისტო იყო პირველი თვე, როდესაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლოაბაში კლება არ დაფიქსირებულა. წელიწადნახევრის პერიოდის ტენდებნციას რომ გადავხედოთ, თავიდან ძალიან მაღალი კლება იყო, წელს უკვე კლება ცოტათი ნაკლები იყო და აგვისტო პირველი თვეა, როდესაც პატარა პლიუსი დაფიქსირდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადი შოკის ეფექტი უკვე გადავლილია და თუ გარემოს სხვა ფაქტორები არ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის ზრდის აქსელერაცია უნდა მოხდეს.

- ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენების შეხევდრაზე თქვენ კვლევა წარმოადგინეთ. აღნიშნულ კვლევაში რა ტენდენციებზე გაამახვილეთ ყურადღება?

- რეგიონი წარმოვაჩინეთ. ძირითადად ნავთობის ფასების ვარდნამ რეგიონზე ჯამური გავლენა იქონია, რამაც ტრილიონამდე დოლარი გააქრო მთელი რეგიონიდან და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველომ ნავთობის პროდუქტების იმპორტზე ფული დაზოგა, იმდენივე შემოსავალი ვეღარ მიიღო სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები იყვნენ. მაგალითად, რუსეთში ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა, რომელიც საკუთარ ოჯახებს თუ ნათესავებს თანხებს უგზავნის საქართველოში. ამას გარდა, ექსპორტი ხორციელდებოდა, როგორც რუსეთში, ისე აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. ყველა ამ ქვეყანამ საქართველოზე ბევრად დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენთან თუ დევალვაცია დაახლოებით 25% იყო, ანუ ლარის ღირებულების 25%-ით შესუსტება მოხდა, ამ ქვეყნებში: რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში თუ უკრაინაში მათი ვალუტის ღირებულების დაკარგვა თითქმის 50%-ის ფარგლებში მოხდა.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრის დროს ცალმხრივია მხოლოდ გარე ფაქტორებზე აქცენტირება, ჩვენ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რომ ის დარტმები შეგვერბილებინა, რაც გარე შოკების სახით მოდიოდა?

- არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჩვენ ვერ ავცდებით იმას, რომ ნებიხსმიერი ტიპის ეკონომიკურ შეჯამებას შესაძლოა რაღაც პოლიტიკური შეფასებები მოჰყვეს. კონკრეტულად ამ პრეზენტაციისას ძირითადი მიზანი იყო იმის წარმოჩენა თუ რა ხდება რეგიონში, რეგიონთან მიმართებაში სად ვდგავართ.

Subscribe to our news

Get the main news of the day