Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას აზიის განვითარების ბანკი ტურიზმის და ბიზნესის ნდობის ზრდას უკავშირებს

57ea6d89ae765
BM.GE
27.09.16 17:00
953
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა. 2016 წლის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით არის გაზრდილი და 3%-ს შეადგენს. 2017 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4%-მდეა გაზრდილი. ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა შიდა მოტხოვნის ზრდის პარალელურად 2,6%-ით გაიზარდა, აქედან ბანკი სამშენებლო და მომპოვებით და ტურიზმის სფეროს გამოყოფს სადაც შესაბამისად 25-29-11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აზიის განვითარების ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდა და 376 მილიონი დოლარი შეადგინა, რისი ყველაზე დიდი წილიც ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებზე მოდიოდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 0,5%-ით გაზრდას აზიის განვითარების ბანკი ტურიზმის, ბიზნესის ნდობის ზრდას და ფისკალურ სტიმულებს უკავშირებს.
საგარეო სექტორს ბანკი კვლავ ზრდის შემზღუდველ ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი კომპენსირება მოხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით და დამატებით ინფრასტრუქტურული ხარჯებით.

აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ ექსპორტი კვლავ შეზღუდავს საქართველოს მშპ-ს ზრდას, რისი მიზეზიც მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მოთხოვნის შემცირებაა.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მთავრობამ „ამბიციური გეგმა“ წარადგინა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რაც ბანკის მოსაზრებით ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში საუბარია ეროვნულ ვალუტაზეც, - აზიის განვითარების ბანკი წლის დასაწყისში ლარის გაუფასურებას გარე მიზეზებს უკავშირებს, კერძოდ კი რეგიონში შენელებულ ზრდას, თუმცა ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ლარი დაახლოებით 7%-ით გამყარდა. წლის პირველ ნახევარში ექსპორტის 12%-ზე მეტად შემცირებას აზიის განვითარების ბანკი ლარის გაძლიერებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ გაუარესებული სავაჭრო ბალანსის პარალელურად 2016 და 2017 წლებისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის პროგნოზები გაზრდილია.

Subscribe to our news

Get the main news of the day