"ექსპორტის სააგენტოს ექნება უზარმაზარი როლი საქართველოში საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისთვის", - ამის შესახებ "საქმის კურსთან" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე "სადაზღვევო ორგანიზაცია ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს" ეფექტურობის შეფასებისას აცხადებს. ახალი სტრუქტურა, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს უცხოური ბაზრების ათვისებაში დაეხმარება, საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ იმუშავებს.
შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. პირველ ეტაპზე სააგენტოს საქმიანობა ექსპორტის საკრედიტო დაზღვევას და გარანტების გაცემას მოიცავს. სააგენტო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს დააზღვიონ საქონლის ან მომსახურების მიწოდებიდან წარმოქმნილი კომერციული და პოლიტიკური შემთხვევით გამოწვეული გადავადებული გადახდების საკრედიტო რისკები.
ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ თითქმის ორი წელია მიდის საუბარი. ახალი სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. როგორც დავით საგანელიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, სწორედ განსხვავებული პოზიციების გამო გახანგრძლივდა პროექტზე მუშაობა, თუმცა ყველა მხარის შენიშვნა საბოლოო დოკუმენტში გათვალისიწნებულია.
"პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა სავალუტო ფონდსაც, თუმცა აბსოლუტურად დადებითად მოეკიდა სავალუტო ფონდი იმ ვერსიას, რომელიც ახლა მთავრობის მიერ არის წარდგენილი პარლამენტში. გარკვეული შენიშვნები ან პესიმისტური განწყობები, რაც გარკვეულ თემებზე არსებობდა დახვეწილი და დამუშავებულია. დოკუმენტის ბოლო ვარიანტი მიახლოვებულია იდეალურთან. ჩემი აზრით, პარლამენტი მალე დაიწყებს ამ კანონპროექტზე მუშაობას და ეს სტრუქტურა ამუშავდება როგორც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია’’-აცხადებს დავით საგანელიძე.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დარწმუნებულია რომ სააგენტო ეფექტურად იმუშავებს, რადგან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ინტერესი, მისი აზრით, დიდი უნდა იყოს.
"კომპანიების უმეტესობა ცდილობს გავიდეს უცხოეთის ბაზრებზე, რაც მარტივი არ არის. დაწყებული ფინანსებიდან, დამთავრებული პარტნიორის შერჩვით, ტრანსპორტირების პრობლემის გადაწყვეტით, თუ დაზღვევის საკითხებით - ყველაფერში სააგენტო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით ექსპორტიორ კომპანიებს", - ამბობს საგანელიძე.
რაც შეეხება სააგენტოს ბიუჯეტს, კანონპროექტის მიხედვით, ახალი სტრუქტრის ბიუჯეტი თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იქნება. დავით საგანელიძე აცხადებს, რომ საპილოტე პროექტებისთვის 10 მილიონი ლარიც საკმარისია.
"შეიძლება ბიუჯეტი დიდი არ არის, მაგრამ არც არის აუცილებელი, რადგან 10 მილიონიანი ბიუჯეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული პილოტ პროექტები ვნახოთ როგორ მუშაობს და როგორი უკუგება აქვს და როგორ პოტენციალს ვქმნით საექსპორტოდ გარკვეული თანხებით. ბიუჯეტის გაზრდა, ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება და თანხები იქნება საპარტნიორო ფონდის თანხებიდან გაცემული", - აცხადებს "საქმის კურსთან" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.