საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, გორში, თელავში, ახალციხესა და მარნეულში შეხვედრები გამართა. აღნიშნული შეხვედრების მიზანი ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ახალი ინიციატივის - ფერმერთა სათათბიროს ფორმირების საკითხის გაცნობა იყო. ასევე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ფერმერთა სათათბიროში წევრობისათვის დელეგატთა შერჩევის წესი და პროცედურები წარმოადგენდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ მის მოადგილესთან, გიორგი ნონიაშვილთან და ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და კოოპერატივების გაერთიანება Copa-Cogeca-ს კონსულტანტთან - პროდრომოს კალაიტზისთან ერთად ფერმერებს სათათბიროს დაფუძნების ძირითადი მიზანი გააცნო. სათათბიროს შექმნის ძირითად მიზანს კი წარმოადგენს ფერმერთა ინტერსების უკეთ დაცვა და მათი საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაზრდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ ჯერ კიდევ 2016 წლის 1 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც გახდება ანგარიშგასაწევი ძალა მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რომელიც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მცირე მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარების ხელშეწყობას.
რეკომენდაციების საფუძველზე ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება ორი წევრით, რომელთაგანაც ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი - თავად საბჭოს მიერ შერჩეული წევრი. შესაბამისად, სათათბირო იქნება 120 ფერმერისგან დაკომპლექტებული ორგანო.
გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრად არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრად დამტკიცების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.
ფერმერთა სათათბიროს პირველი სხდომის გამართვა ივლისშია დაგეგმილი.
სათათბიროს ფორმირება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
Care International: ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.care-caucasus.org.ge
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge