პრემიერ-მინისტრი 2017 წლის "ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
"საქართველო, ეს ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, ყოველწლიურად 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს; ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს; ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა; დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, 2016 წელი, ბევრი მიმართულებით, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა, იყო წარმატებებიც.
"გამოწვევებს შორისაა ტერორიზმის საფრთხე, ტრაგიკული სტიქიური უბედურებები. ამ წლის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს უამრავი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თუმცა, 2016 ასევე წარმატების წელიც იყო - ეს გახლდათ წელი, როდესაც მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის, როგორც ყველა ადამიანის უფლების მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ. „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელი“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა ერს საერთო გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება უხდება. მათი გადაჭრა მხოლოდ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებითაა შესაძლებელი. ამ ინიციატივის წამოჭრით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მდგრადი განვითარების მიზნები სამომავლო განვითარების ამოსავალი წერტილია და ჩვენ განვაგრძობთ გრძელვადიანი აქტივების შექმნას და შესაბამისი რისკების თავიდან აცილებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.