"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე აცხადებს, რომ სარკინიგზო გადაზიდვები წელს, სავარაუდოდ, შარშანდელ ნიშნულზე გავა. ამის შესახებ გუნცაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.
მისი თქმით, წელს სავარაუდოდ 13 მილიონი ტონა იქნება გადაზიდული რკინიგზის მეშვეობით, რაც დაბალი მაჩვენებელია.
"წელს ალბათ იმ ნიშნულზე გავალთ, რაზეც შარშან, ეს არის 13 მილიონი ტონა. ეს არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა, აქ ბევრი ობიექტური მიზეზია. ეს არის რეგიონული ეკონომიკის კრიზისი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. მთელი რიგი ქარხნებია დაკეტილი, რომელთა პროდუქცია გადიოდა დასავლეთის მიმართულებით. ასევე, შეიცვალა ნავთობმა მიმართულება და ის აღმოჩნდა ნავთობსადენში და ეს ბუნებრივია. ნავთობსადენს ნედლი ნავთობის გადატანისთვის უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია. ამ თვალსაზრისითაც არის კლება.
რაც შეეხება იმას, რა კეთდება ამ მიმართულებით. სტრატეგიის თავლსაზრისით მთლიანად შეიცვალა ხედვა რკინიგზის როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რკინიგზას განვიხილავთ არა გარდაბნიდან შავ ზღვამდე, როგორც ამოგლეჯილ სატრანზიტო ხაზს, არამედ როგორც გლობალური მარშრუტის შემადგენელ ნაწილს. ამიტომ მნიშვნელოვანია ისე ვამუშაოთ ეს გზა, როგორც ერთიანი ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთგადამზიდველისთვის, რომ მას ჰქონდეს ერთიანი ტარიფი, რაც მიღწეულ იქნა ჩვენ დროს",- აცხადებს გუნცაძე.
მისი განმარტებით, იგულისხმება ერთიანი ტარიფი პორტებში, ტერმინალებში, სარკინიგზო გადაზიდვებში და ა.შ. გუნცაძის თქმით, ერთიანი ტარიფი მოქმედებს ყაზახეთიდან კასპიის ზღვის და შავი ზღდის პორტების ჩათვლით, ამასთან, ერთიანი ტარიფებია ჩინურ ტვირთებზე.
"ტვირთების გადაზიდვა დაკავშირებულია ეკონომიკასთან - თუ არ არის ეკონომიკა, თუ დაცემულია მოთხოვნები, თუ ეკონომიკური კრიზისია რეგიონში, ეს მაჩვენებელი გადაზიდვებზეც აისახება.
პრეტენზიები სამართლიანი იქნებოდა, ეს ტვირთები რომ სხვაგან წასულიყო. თუმცა, არის ასეთი მაგალითებიც. ვფიქრობ 2-3 წელიწადში საგრძნობლად გაიზრდება ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით და აბსოლუტურად სხვა სურათს მივიღებთ. მთავარი მოქმედი ქვეყანა ამ შემთხევვაში არის ჩინეთი და ძალიან პერსპექტიულია ირანი",- აცხადებს კოკა გუნცაძე.