საქართველოს რკინიგზამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს. ურთიერთობის კომუნიკეს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა ხელი დღეს მოაწერეს.
კომუნიკეს ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს რკინიგზის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. კერძოდ, "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაამზადებს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს. ასევე, უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს რკინიგზაში მართვის სხვადასხვა საერთაშორისო ციფრული სისტემის დანერგვის პროცესებში.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა არის სრულიად ახალი მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას ტექნოლოგიების სფეროში.
"მე მჯერა იმის, რომ რეგიონში საქართველო შეიძლება განათლებისა და ტექნოლოგიების მიწოდების ლიდერი გახდეს. შესაბამისად, ყველას მინდა მივულოცო ახალი იდეის განხორციელება. ჩვენი მემორანდუმი ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას გულისხმობს. ამ კუთხით ძალიან საინტერესო სამუშაო გველოდება. უნივერსიტეტი მოამზადებს სპეციალურ პროგრამას და აქ, უახლოეს მომავალში, გადამზადდება როგორც საინჟინრო პერსონალი, ასევე საოპერაციო მენეჯერულ თანამდებობებზე მომუშავე თანამშრომლები,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაფორმებული კომუნიკეს ფარგლებში უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება "საქართველოს რკინიგზის" გლობალური მართვის ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში, გადაამზადებს კადრებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ "საქართველოს რკინიგზის" სხვადასხვა პროექტებში.
"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპანიებსა და განათლების სფეროში წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენი და რკინიგზის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და სწრაფ დროში შედეგის მომტანი იქნება,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეთანხმება, ასევე ითვალისწინებს, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას.
"საქართველოს რკინიგზისა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრაქტიკული თანამშრომლობა მომავალი კვირიდან დაიწყება.