საქართველოს რკინიგზამ ტვირთმფლობელებისა და ექსპედიტორებისათვის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა რეგიონში პირველი სარკინიგზო გადამზიდავია, რომელიც აღნიშნულ სისტემას ნერგავს. ნოვაცია დაფუძნებულია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისათვის მოსახერხებელ ერთი ფანჯრის პრინციპზე. აღნიშნული სისტემის საშუალებით კლიენტის მიერ გადაზიდვის დოკუმენტების ფორმირება ოფისიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.
სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალობის, ონლაინ რეჟიმში კლიენტის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა რკინიგზის ფილიალ ,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ პროდუქტია. სწორედ ეს ფილიალი მუშაობს პროგრამის დანერგვასა და სისტემურ უზრუნველყოფაზე.
"დღვანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ სიახლეების გაცნობას, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ბოლო დროს დანერგა. კომპანიაში ბევრი სიახლეა როგორც საკონტეინერო გადაზიდვების, ასევე სავაგონო გზავნილების მიმართულებით. ფასების ლიბერალიზაციის კუთხით გვაქვს გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასის დაფიქსირება ლარში მოხდება, რაც საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გზავნილების ზრდას ხელს შეუწყობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვის პრეზენტაცია. ჩვენ ექსპედიტორებს ახალი სერვისი შევთავაზეთ და მათთან განვიხილეთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორმა გურამ გურამიშვილმა.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს რკინიგზა ამ ინიციატივით შემოვიდა. ეს იქნება ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყველა ორგანიზაციისათვის, ვინც დაკავებული არის სარკინიგზო გადაზიდვით, ვინაიდან ძალიან დიდი დრო დაიზოგება. დოკუმენტის გაფორმების დროს საკმაოდ აქტიური რეჟიმი არის, რაც ძალიან ხელს გვიშლის. დოკუმენტბრუნვის პროცესის გამარტივების პროცედურა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კომპანია ,,აგრიკომის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა.
"როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ახალი პროცედურის შექმნა უკვე აუცილებელია. იმიტომ რომ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და გაადვილდება დოკუმენტბრუნვის კონტროლი. ასევე გაიზრდება გადაზიდვების ორგანიზების მასშტაბი. ეს გასაკეთებელია, მაგრამ როგორც ყველა სიახლე, თავიდან სირთულეს გამოიწვევს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გადავიდეს ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე, ასე რომ რკინიგზაზეც ცალსახად უნდა გაკეთდეს," - განაცხადა კომპანია „U & G Agency“-ს დირექტორის მოადგილემ ნუგზარ რეხვიაშვილმა.