თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა. ღონისძიებას დაესწრო ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც, მისი განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორის 60%-ზე მეტი დღეიდან უკვე პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და გამჭვირვალე.
"პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თიბისიბანკს, მის დამფუძნებლებს და მენეჯმენტის გუნდს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. დღეს თიბისიბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე პრემიუმ სეგმენტში ივაჭრება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო - თავის თავში ეს გულისხმობს, რომ თიბისი ბანკში მმართველობა ძალიან გამჭვირვალეა, ხოლო დანერგილი სტანდარტები - ეს არის საუკეთესო მსოფლიო დონის სტანდარტები. თავად ქვეყნისთვის და თიბისი ბანკისთვის ეს ნიშნავს, რომ ბანკს აქვს უკვე წვდომა იმ ინვესტორებზე, რომლებიც თანხებს მხოლოდ პრემიუმ ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებში დებენ.
თავისთავად დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის 60%-ზე მეტი დღეიდან უკვე პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მმართველობა საბანკო სექტორში აბსოლუტურად გამჭვირვალეა და თანხები, რომელიც ჩვენ საბანკო სექტორში, საფინანსო სექტორში შეგვიძლია მოვიზიდოთ, უკვე ძალიან დივერსიფიცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ძლიერი საბანკო სექტორი თავის თავში უკვე გულისხმობს რეალური ეკონომიკის სექტორის მხარდაჭერას, იმის, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.
თვითონ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო - ბანკი დღეის მდგომარეობით 6200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს, 8 მილიარდზე მეტი მთლიანი აქტივების მფლობელია, სადაც თითქმის 5 ნახევარ მილიარდზე მეტი სესხები არის. მინდა, დღევანდელი წარმატება კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ ჩვენს ქვეყანას და თიბისიბანკს", - განაცხადა მინისტრმა.