საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 180 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 57%-ით, ანუ 67 მილიონი ლარით მეტია. აპრილში ბანკების მოგება 71 მილიონი ლარი იყო, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 13 მილიონ ლარს აღწევდა. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი საუბრობს.
- მხოლოდ მოგებაზე და შემოსავლების გაზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული?
- საქართველოს საბანკო სექტორში ამინდს ორი დიდი ბანკი ქმნის, რომელთა აქციებით ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ, მათ ფასებს და კურსს რომ შევხედოთ, კორელაცია ერთი ერთშია. ძალიან დიდი რისკს უქმნის ბანკებს ლარის კურსის გაუფასურება. ერთია, როდესაც სესხი აქვთ დოლარში და ისინი ვეღარ იხდიან და მათ კლიენტებს სხვა პრობლემები ექმნებათ, მათაც ძალიან დიდი სესხები აქვთ დოლარში. ბანკებს ხშირად ადანაშაულებდნენ ხოლმე რომ რეფინანსირების სესხებს იყენებენ მანიპულაციებისთვის, რომ მერე Forex-ზე ვაჭრობენ და მეტ მოგებას იღებენ.
ერთია, რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია და მეორე ისაა, რომ აქედან მიღებული მოგება იმ ზარალზე უფრო დიდი ვერ იქნება, რასაც ისინი კაპიტალიზაციის დანაკარგით განიცდიან. შესაბამისად, ნებისმიერ ბანკს ძალიან ეზრდება რისკები, როდესაც ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში უფასურდება. ამის მარტივი მაგალითი სწორედ ის არის, რომ ავიღოთ ორი დიდი ბანკის კაპიტალიზაცია და აქციების ფასები, კურსის გაუფასურებასთან ერთად ფასები ეცემოდა. კორელაცია თითქმის ერთი ერთში იყო. ის, რომ მათ კურსის გაუფასურება აწყობთ, ჩემის აზრით არასწორი ნათქვამია.
- საპროცენტო განაკვეთები ებმის თუ არა ზოგადად ეკონომიკის რისკიანობას და ამ თვალსაზრისით რა შეგვიძლია დღეს ვთქვათ საქართველოს ეკონომიკაზე?
- საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ ასახავს არა მხოლოდ ღირებულებას, რაც გასესხებულ ფულს აქვს ან თუნდაც დეპოზიტზე განთავსებულ ფულს, არამედ ეს ქვეყნის რისკიანობას, თვითონ ამ სექტორის რისკიანობას ასახავს. საპროცენტო განაკვეთი ჰაერიდან არ მოდის. როდესაც ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან, ეს ორმხრივი შეთანხმებაა ორ სუბიექტს შორის და აქ არაფერი დანაშაულებრივი არ არის, როდესაც ერთი მხრივ ბანკი თავს იზღვევს, მეორე მხრივ, როდესაც კლიენტი მზად არის მსგავს ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს. როდესაც საუბარია რეალისტურია თუ არა რომ უნდა იყოს ასეთი განაკვეთი, ეს საბაზრო პროცესია და საბაზრო პროცესში ნებისმიერი სახით ხელოვნური ჩარევა გაუმართლებელია. იმიტომ, რომ ეს ბევრად ცუდ შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე ის შედეგები, რომ მაგალითად დღეს ძალიან ბევრი ადამიანია უკმაყოფილო.