„ღია დიალოგი ბიზნესთან“ გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი პროექტის ფარგლებში ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიზნეს-სექტორს შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. შეხვედრას ნინოწმინდაში 50-მდე ადგილობრივი მეწარმე ესწრებოდა - ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორი.
მთავარ პრობლემად მუნიციპალიტეტში შესაწამლი ნივთიერებების დაბალ ხარისხსა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობას ასახელებენ. ასევე, მეწარმეთა ძირითადი კითხვები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას, აგრო-დაზღვევას, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციასა სერთიფიცირების საკითხებს შეეხებოდა. ადგილობრივი-ბიზნეს სექტორის ნაწილი პრობლემად მათი ბიზნესის სადისტრიბუციო ქსელის არარსებობასაც ასახელებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ღია დიალოგის დაწყებამდე მეწარმეებს პალატის სერვისები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათს მეტს გაგრძელდა.
„ღია დიალოგი ბიზნესთან“ არის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრეზიდენტი და პალატის გუნდი რეგიონებში ბიზნეს-სექტორს ხვდებიან და კონკრეტული პრობლემების მოსმენის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ. პროექტი ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც პალატა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნეს-სექტორს შეხვდა, შემდეგ კი კონკრეტული პროექტებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრიომლობის ფონთან (GIZ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩავიდა. სამეგრელოს რეგიონის ბიზნეს-სექტორის პრობლემები ძირითადად თაფლის, თხილისა და ავეჯის წარმოებას შეეხებოდა. ანალოგიური შეხვედრა შედგა ქუთაისშიც, სადაც დისკუსია 2 საათს გაგრძელდა და მეწარმეთა უმეტესობას პრობლემად DCFTA ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მიაჩნდა.
„ღია დიალოგი ბიზნესთან“-ს ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი და არაწევრი მეწარმეები იღებენ. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის გარდა რაჭაში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში და შიდა ქართლში შედგა.