2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 3869 მლნ. აშშ დოლარს (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 898 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1304 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნ. აშშ დოლარი).
2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 100 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ივლისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1708 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1558 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 306 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 257 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).