Home
Category
TV Live Menu

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა

57922f9789f6c
BM.GE
22.07.16 18:34
1501
თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - კომერციის სამინისტროს წარმომადგენელი ლიუ ჰუა.

აღნიშნული მოლაპარაკებები მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას,რომლის ამოქმედების შემდეგაც საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

„ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ძირითად დებულებებზე შეთანხმებას. გვაქვს დარჩენილი რამდენიმე თავი, რომელიც საჭიროებს კიდევ დაზუსტებას. შესაბამისად, ორივე მხარემ გადავწყვიტეთ, რომ არ არის საჭირო დამატებით მეოთხე რაუნდის გამართვა და შევთანხმდით, რომ სექტემბრის თვეში მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიწრო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც განვიხილავთ ამ ღია საკითხებს. ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ მესამე რაუნდის ფარგლებში, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკების დასრულება ნამდვილად რეალურია. დიდი ალბათობით შეიძლება ამას შემოდგომაზეც მივაღწიოთ სექტემბრის მოლაპარაკების ფარგლებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გენადი არველაძის თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა დამომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში,ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები.

Subscribe to our news

Get the main news of the day