ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ჯორჯიან პროდაქტი" "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით 2014 წელს შეიქმნა. კომპანია 25-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომლის 100% ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით "Made in Georgia" ევროკავშირის ბაზარზე იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დავით ბარდაველიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში 500 ათასი ლარის მოცულობის სესხი აიღეს, ჯამში კი საწარმოს შექმნაზე 4 მილიონ დოლარამდენ ინვესტიცია განხორციელდა. ბარდაველიძის თქმით, საქართველოში დამზადებული ცხოველების ავეჯი მხოლოდ ევროპის ბაზარზე იყიდება და კომპანიის წლიური ბრუნვა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
"ჯორჯიან პროდაქტი" 25-ზე მეტი სახეობის ცხოველების ავეჯს აწარმოებს, რომლის ღირებულება 30 დოლარიდან იწყება და 150 დოლარამდე მერყეობს. ავეჯი ნატურალური ხისგან და ე.წ დეესპესგან მზადდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ამ დროისთვის კომპანიაში 365 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში იგეგმება წარმოების გაფართოვება, რომლის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 1200 ადამიანამდე გაიზრდება.