საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 23%-ით შემცირებულია. ამას სტატისტიკის დეპარტამენტის 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები აჩვენებს. ამავე პერიოდში ევროკავშირის 28 ქვეყნიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.
ევროპული კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა და მოლდოვასა და საქართველოში DCFTA-ის შესაძლო შედეგებს სწავლობდა, DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ მხარეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოდან ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე ექსპორტი 12%-ით გაიზრდებოდა, იმპორტი კი 7,5%-ით. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ევროკავშირი პროგნოზებს ამართლებს - საქართველო კი არათუ დადებით, არამედ უარყოფით მონაცემებს აჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბიზნესს ევროპის კავშირში პროდუქციის შეტანა კვოტებისა და გადასახადების გარეშე შეუძლია, ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ იყენებს.
რა უშლის ქართულ ბიზნესს ხელს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში და როდის უნდა ველოდოთ ექსპორტის დადებით მაჩვენებლებს?
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა, ევროკავშირში პროდუქციის გასატანად 2 რამაა საჭირო, უვნებელი და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რაც საქართველოში ძალიან ცოტაა.
მისი შეფასებით, ქვეყნის შიგნით ბიზნესმა უნდა მოახერხოს და გაზარდოს პროდუქციის ხარისხი და შექმნას პროდუქცია, რომელსაც თავისუფლად გაიტანს ევროპაში.
„თუ შენ აწარმოებ ხარისხიან პროდუქტს, არანაირი ბარიერი არ არსებობს იმისა, რომ ვერ გაიტანო პროდუქცია ევროპაში, თუ მეზობელ ქვეყანაში.
მთავარია, ქვეყნის შიგნით განვითარდეს ბიზნესი, მათ გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. რამდენად გაიზრდება ექსპორტი ევროკავშირში ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც ვიმუშავებთ ისე იქნება, კარგად თუ ვიმუშავებთ და მოვინდომებთ, მოკლე პერიოდი დაგვჭირდება და თუ სურვილიც არ გვექნა და არც მონდომება იქნება ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან, ასე მარტივად ევროპასთან დაახლოება ვერ მოხდება“,-აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.“
მისივე თქმით, შეუძლებელია, 1-2 წელიწადში სურსათის უვნებლობასთან და ხარისხთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილო და თავისუფლად გაიტანო პროდუქცია. ჭუმბურიძის შეფასებით, ეს პროცესია, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს და ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მისი შეფასებით, დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი პროდუქცია, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. განსაკუთრებულ პოტენციალს კი ამ მიმართულებით ბიზნეს-საბჭოს მდივანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულებით ხედავს.