"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც , "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, რაც 5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოსახლეობის 18%-ს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.
ჯანდაცვის მიზნობრივობაზე საუბრობს კომპანია PSP-ს დამფუძნებელი. კახა ოქრიაშვილის თვლის, რომ ადამიანებს, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ სახელმწიფო დაზღვევით არ უნდა სარგებლობდნენ.
"ადამიანები, ვისაც შემოსავალი აქვთ იდენტიფიცირებულები არიან ფინანსთა სამინისტროში და იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მათ სახელმწიფო დაზღვევა არ უნდა ქონდეთ. პირადად მეც მაქვს სახელმწიფო დაზღვევა, რომელიც არ მეკუთვნის. მე საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ვარ და სახელმწიფო დაზღვევა მაქვს, რაც არასწორია", - განაცხადა ოქრიაშვილმა.