საქართველოში მაკდონალდსის პირველი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება. როგორც თემურ ჭყონიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, უახლოეს ხანებში საქართველოში მაკდონალდსის ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ცენტრზე შესაბამის ნებართვას გასცემენ. ჭყონიას განცხადებით, ცენტრიდან პირველ რიგში საქართველოში არსებული მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგება იქნება შესაძლებელი, სამომავლოდ კი რეგიონის სხვა ქვეყნებისაც. მაგალითად ჭყონიას სომხეთი და აზერბაიჯანი მოჰყავს.
"ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება ქვეყანაში სტანდარტი, თუ როგორ უნდა ინახებოდეს კვების პროდუქტები. ლოგისტიკური ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში", - აცხადებს ჭყონია. მისივე თქმით, ცენტრის დასრულების შემდეგ ადგილზე მაკდონალდსის პურის ქარხნის მშენებლობაც დასრულდება, სამომავლოდ კი ჭყონია ხორცის ქარხნის მშენებლობასაც არ გამორიცხავს. ასევე, მისივე თქმით წლის ბოლომდე საქართველოში რესტორნის კიდევ ორი ქსელი გაიხსნება, გლდანსა და რუსთავში.