Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„საქართველოში მილიონობით ლარის პროდუქცია იყრება“ - ნათია კაპანაძე და ეკატერინე ხელაძე ქალების ნარატივში

BM.GE
28.04.21 13:27
509

საკვები და პირველადი პროდუქტების პირველი ონლაინ აუთლეტ მაღაზია საქართველოში - FoodHub-ის დამფუძნებლები ეკატერინე ხელაძე და ნათია კაპანაძე „ქალების ნარატივში“

 

ეკატერინე ხელაძე: 

 

 

-რას გულისხმობს პროექტის კონცეფცია?

-ეს არის საკვები დ პირველადი მოხმარების ნივთების პირველი ონლაინ აუთლეტ მაღაზია, სადაც განთავსებულია ისეთი პროდუქტები, რომელთაც მოხმარების მოკლე ვადა აქვთ დარჩენილი, ასევე შესაძლებელია, რომ პროდუქცია ვიზუალურად იყოს წუნიანი ან იყოს ისეთი პროდუქცია ბაზარზე, რომელიც არ აიტაცა მომხმარებელმა და საჭიროა მისი აქციით გაყიდვა, ამ ტიპის პროდუქციის ყიდვა ჩვენს საიტზე მომხმარებლებს დაახლოებით 40-60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.  

 

-როდის გაჩნდა სტარტაპის დაფუძნების იდეა?

-თანადამფუძნებლებმა სტარტაპის დაარსება მოგზაურობისას გადავწყვიტეთ, კონკრეტულად გერმანიაში. გვქონდა შეხება იმ ტიპის სუპერმარკეტებთან და კაფეებთან, რომლებიც მომხმარებლებს მოკლევადიან პროდუქციას ფასდაკლებით სთავაზობდნენ. 

 

-დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ შეკვეთას იღებთ?

-პლატფორმა სულ რაღაც 2 თვეა რაც ჩაეშვა, თუმცა 5 სადისტრიბუციო კომპანიასთან მოვახერხეთ პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას. იმ მარკეტინგის ფარგლებში რაც ამ ეტაპზე გვაქვს, დღის განმავლობაში გვაქვს 3-დან 5 შეკვეთამდე თუმცა, როცა ახალი პროდუქცია იდება, შეკვეთების რაოდენობა მეტია. აღვნიშნავ, რომ სტარტაპი უკავშირდება კონკრეტულ გამოწვევას - ჭარბი რაოდენობით წარმოებული საკვების ლოჯისტიკური მართვა. როდესაც მოკლევადიანი პროდუქცია ჩამოიწერება ან იყრება, ეს ზარალია კომპანიებისთვის და მავნეა გარემოსთვისაც. ამას სჭირდება სწორად მართვა. ჩვენს გუნდში გვჯერა, რომ თუ ჭარბი რაოდენობის საკვები სწორად იმართება, შიმშილის პრობლემაც, გარკვეულწილად აღმოიფხვრება.

 

 

 

 ნათია კაპანაძე:

 

 

-რა არის სტარტაპის მთავარი მიზანი?

-FoodHub უკავშირდება იმას, რომ არ გადაყარონ მოკლევადიანი პროდუქცია, შემცირდეს მავნე ზემოქმედება გარემოზე და პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ეს ეხმარება როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებლებს. ჩვენ მომხმარებლებს ვეუბნებით, რომ პროდუქცია არის მოკლევადიანი, თითოეულ პროდუქტს აწერია ვადა, რათა იცოდნენ, რატომ ყიდულობენ მათ ექსკლუზიურ ფასად. ამასთან, გვსურს გვქონდეს აპლიკაციაც, რომ უფრო კომფორტული იყოს სერვისი. აღვნიშნავ, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მილიონობით ლარის პროდუქცია იყრება.  

 

-ამ თვალსაზრისით ცნობიერების ნაკლებობის მიმართულებას თუ ვხვდებით?

-ეს კომპლექსური საკითხია, უკავშირდება მათ შორის, მომხმარებლის მიდგომებს. გასათვალისწინებელია შესაბამისი რეგულაციების ფაქტორიც, მაგალითად, როცა ბიზნესს საქველმოქმედო მიზნით პროდუქციის ადამიანისთვის გადაცემა სურს, საგადასახადო კოდექსით, მეტი ხარჯის გაღება უწევთ, მოგების გადასახადის და დღგ-ის გადახდა. აქედან, გამომდინარე მათი ინტერესი დაბალია. არადა შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, რომ პროდუქცია კი არ გადაყარონ, არამედ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ, მაგრამ ამას ერთვის დამატებითი ხარჯის საკითხი. 

 

 





სტუმრები: ეკატერინე ხელაძე - FoodHub-ის თანადამფუძნებელი;
ნათია კაპანაძე - FoodHub-ის თანადამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day