საქართველოში მშპ-სთან მიმართებაში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი ახლოა რეგიონში ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან და საკმაოდ ქვემოთაა რეგიონისთვის მშპ-ის ტრენდის ხაზიდან, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯანდაცვის სისტემის ოფისის კვლევაშია - "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება" - ნათქვამი.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები არ მიყვება ევროპის რეგიონის ტენდენციებს. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები რომ უახლოვდებოდეს რეგიონულ ტენდენციებს, 2014 წელს ის იქნებოდა მშპ-ის დაახლოებით 3,5%.
„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების დაბალი დონე შეიძლება აიხსნას სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვისთვის გამოყოფილი სახსრების დაბალი წილით. საქართველოში ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების წილი (5% 2014 წელს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბალია ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, გარდა აზერბაიჯანისა. ამ მაჩვენებლებით, სხვაობა საქართველოსა და სხვა საშუალო შემოსვალის ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2010 წლიდან.
ჯანდაცვის სექტორიში ლიმიტირებული სახელმწიფო ინვესტიციების გამო, მაღალია ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები. ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის, განსაკუთრებით ხელმისაწვდომობისა და ფინანსური დაცულობის კუთხით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების შემცირება (OOPs).
ჯიბიდან გადახდების უმეტესობა, მათ შორის - ჯიბიდან კატასტროფული გადახდები, მოდის ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად საჭიროა, ორი ძირითადი ღონისძიების დაგეგმვა :
• ხარჯთეფექტური მედიკამენტით მოცვის გაზრდა, მათ შორის, ქრონიკული მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტებით (არაგადამდები დაავადებები).
• შესაბამისი პოლიტიკის გატარება, რათა ჯანდაცვის სერვისები და მედიკამენტები უფრო დაბალ ფასად გახდეს ხელმისაწვდომი და გაიზარდოს ფინანსური დაცულობა ღარიბი მოქალაქეებისთვის, სნეული ადამიანების და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
კერძო ან ნებაყოფლობითი დაზღვევა უკეთესია, ვიდრე ჯიბიდან გადახდები, მაგრამ კერძო ან ნებაყოფლობით დაზღვევაზე გაზრდილმა მოლოდინმა ნაკლებსავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ჯიბიდან გადახდები ან გააიოლოს ხელმისაწვდომობა და შეამციროს ფინანსური დაცულობის პრობლემები საქართველოში. ეს განპირობებულია იმით, რომ პრობლემები ყველაზე უფრო მწვავეა ამბულატორიული მედიკამენტების, უფრო ღარიბი მოსახლეობისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების შემთხვევაში, ხოლო კერძო ან ნებაყოფლობითი დაზღვევა, -ზოგადად, ქვეყნების მასშტაბით - არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამბულატორიული მედიკამენტების, ან ღარიბი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაფარვაში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.