საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის სადგურის მშენებლობას მიმდინარე წელს გეგმავს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მზის სადგურის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ და საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარამდე იქნება, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
"ისევე როგორც გორის ქარის სადგურის შემთხვევაში, ესაც საპილოტე პროექტი იქნება. ამ ეტაპზე გაფორმდება ხელშეკრულება საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას მოამზადებს და წელს ვვარაუდობთ მშენებლობის დაწებას“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
აღნიშნული მზის ელექტროსადგურის გამომუშავება სავარაუდოდ, 6.9 მლნ კვტ/სთ-ის ფარგლებში იქნება. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი „საქართველოს მზის კომპანია“ განახორციელებს. დაფინანსების წყაროდ პროექტის ავტორები განიხილავენ გრანტს, ან სესხს რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან.