საქართველოში პირველად საქართველო- ფინეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია სტუმრებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თავად ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. გადაწყდა, რომ შეიქმნება ბიზნეს სახლი, სადაც ორივე მხარის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს კომუნიკაცია გაუმარტივდებათ.
"არის ინიციატივა, რომ ჩამოყალიბდეს ბიზნეს სახლი, რომელიც ორ ბიზნესს შორის შექმნილი სპეციალური პლატფორმა იქნება. ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესს შორის კომუნიკაციის დამყარებას. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ ქართული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ბიზნესს ინფორმაცია მიეწოდოს",- განაცხადა გენადი არველაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ასეთი ტიპის ფორუმები ყოველთვის მომგებიანია, რამდენადაც ბიზნესმენებს პირისპირ კონტაქტის შესაძლებლობა ეძლევათ.
"ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტი ევროპელ ბიზნესმენეთან და დღეს ამის საშუალება ქართულ ბიზნესს მიეცა. ფორუმზე 20-მდე ფინური კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროებიდან",- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.